ხვიჩა კვარაცხელია, სალერნიტანა
Aa
Aa

„ნაპოლიში ყველაზე საშიშია“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ლუჩანო სპალეტის გუნდს გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობის განაღდება ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე შეეძლო, თუმცა „პარტენოპეიმ“ ეს შანსი ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. კვარას ორი კარგი ეპიზოდი ჰქონდა, როდესაც ჯერ 1:0-ზე ოჩოას კარს მცირედით ააცილა, შემდეგ კი 1:1-ზე მექსიკელმა მეკარემ აჯობა.

ხვიჩა VS სალერნიტანა

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის თამაში იტალიურმა მედიამ შეაფასა:

Eurosport – 5.5 ქულა: მარცხენა ფეხით ანგარიშის ორამდე გაზრდა შეეძლო, თუმცა ერთი ნაბიჯი დააკლდა, შემდეგ კი მარჯვენა ფეხით დაარტყა, თუმცა ოჩოამ აუღო.

Calciomercato – 6 ქულა: პირველ ტაიმში ნერვიულობდა და უბრალო შეცდომებიც დაუშვა. მეორე ტაიმში კი თავისი ჩვეული რიტმი დაიბრუნა. როდესაც ბურთს იღებს, ყოველთვის გაქვს განცდა, რომ რაღაც განსაკუთრებულს შექმნის.

Virgilo – 7 ქულა: შეხვედრის სტარტზე ჯიუტობდა და ბევრი დრიბლინგი გააფუჭა. მაგრამ მეტოქესთან უპირატესობას მაინც ქმნიდა. რამდენჯერმე გატანაც შეეძლო. ახლა ყველა ამბობს, რომ ის წლების წინ აღმოაჩინეს, მაგრამ როდესაც აქ ჩამოვიდა, ნახევრად უცნობი იყო. „ვერონასთან“ პირველივე მატჩიდან ცხადი იყო, რომ გუნდის ლიდერი გახდებოდა. მისი ჯორჯ ბესტთან შედარება მკრეხელობა არ არის. თუ დარტყმას გააუმჯობესებს, ოქროს ბურთსაც მოიგებს.

Calcionapoli1926 – 6.5 ქულა: გოლის გატანაში ხელი მხოლოდ გილერმო ოჩოამ შეუშალა. ამჟამინდელ „ნაპოლიში“ ის ყველაზე საშიშია.

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: ნეაპოლში სამართლიანად აღიარებულ ღმერთთან შედარების გარეშე, ის იტალიის მომავალი ჩემპიონის მთავარი ვარსკვლავია. ის მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა არ გაუმართლა.

ნაპოლი 1:1 სალერნიტანა

32 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლაციოს“ 18 ქულით უსწრებს. თუმცა, დიდი შანსია, რომ „ლაციოს“ „იუვენტუსმა“ გადაასწროს, რომელსაც 32-ე ტურში თავისი შეხვედრა სათამაშო აქვს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი დღეს, საქართველოს დროით 22:45 საათზე „ბოლონიას“ ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში 62 ქულას დააგროვებს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს, „ნაპოლისთან“ სხვაობა კი 17 ქულა იქნება. შესაბამისად, „ნაპოლი“ ჩემპიონობის მოპოვებას შემდეგ ტურში, სტუმრად „უდინეზესთან“ ეცდება. შეხვედრა 4 მაისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები