გაუმჯობესებული პირობები ოსიმენს - ნაპოლის ლიდერების გაშვება არ სურს
„ნაპოლიმ“ თავისი ლიდერების შენარჩუნებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ ჯაე, ვიქტორ ოსიმენი... დე ლაურენტისი მათ გაყიდვას არ ემხრობა და ქმედით ნაბიჯებს უკვე დგამს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლის“ ოსიმენის კიდევ 1 წლით შენარჩუნება სურს და საამისოდ გეგმაც აქვს. კლუბს სურს, რომ გუნდმა ამავე დონეზე თამაში განაგრძოს, იბრძოლოს სერია A-ში და თავისი შესაძლებლობები ევროპაშიც დაამტკიცოს. ნეაპოლში თვლიან, რომ ოსიმენის ამ დონეზე აყვანა ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა.
ამ მომენტისთვის ოსიმენი „ნაპოლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და წლიურად 4.5 მილიონ ევროს + ბონუსებს იღებს. კლუბი გეგმავს, რომ მისი საბონუსე სისტემა გააუმჯობესოს და ნიგერიელი დამატებით 1 მილიონ ევროს მიიღებს, სანაცვლოდ კი ნეაპოლში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს.
რაც შეეხება ოსიმენის მსურველებს, „ბაიერნი“ და პსჟ მის შეძენას აქტიურად ცდილობენ და გაორმაგებულ ხელფასებსაც სთავაზობენ. წლიურად დაახლოებით 10 მილიონ ევროს. ნიგერიელის აგენტმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ფეხბურთელს შეთანხმება არავისთან აქვს და არც მოლაპარაკებებს აწარმოებს.