ნაპოლიც აკვირდება | სელტას ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა
„სელტას“ 20 წლის ნახევარმცველს, გაბრი ვეიგას ევროპული გრანდები აკვირდებიან. ვიგოელთა ლიდერი მიმდინარე სეზონს უმაღლეს დონეზე ატარებს და ესპანური და ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, მისით „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ ინტერესდებიან.
Sportitalia-ს თუ დავუჯერებთ, ვეიგა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ რადარზეც იმყოფება. „პარტენოპეის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი მას თვალს აქტიურად ადევნებს და რამდენჯერმე მისი თამაში პირადადაც იხილა. „სელტა“ ვეიგას იოლად ნამდვილად არ შეელევა და ნეაპოლელებს მის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც მათ სატრანსფერო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
ვეიგას ყველაზე ხშირად „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ, დაიწერა, რომ „სამეფო კლუბმა“ მასთან შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულში მის ტრანსფერს ოფიციალურად გაჩარხავს. ესპანურ პრესაში ვეიგას „სელტას“ „მარგალიტს“ უწოდებენ და ვიგოელები მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვენ.
ცნობისთვის, ვეიგას ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 9 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა. იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და ზაფხულში, მის შესაძენად დიდი ომი გაჩაღდება.