„შემადარეთ, როცა თამაშში 5 გოლს გაიტანს“ - ნაპოლის რეკორდსმენი ხვიჩაზე
„ნაპოლისა“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დანიელ ფონსეკამ იტალიურ lintellettualedissidente-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კითხვა მასსა და ქართველ ფეხბურთელს შორის შედარების გაკეთებას გულისხმობდა, ამ კითხვას სამხრეთამერიკელმა ღიმილით უპასუხა და „ვალენსიასთან“ შეხვედრა გაიხსენა, როცა „მესტალიაზე“ 5 გოლი შეაგდო.
„ეს შედარება შესაძლოა მაშინ გავაკეთოთ, როცა ის ერთ თამაშში 5 გოლს გაიტანს. ეს ერთადერთი რეკორდია, რომელიც „ნაპოლიში“ დავამყარე. მინდა ხაზი იმ ფაქტს გავუსვა, რომ როცა „ვალენსიას“ 5 გოლი გავუტანე, მაშინდელი UEFA-ს თასი დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირი იყო. მაშინ ფორვარდებისთვის თამაში გაცილებით რთული იყო, მცველები მთელი მატჩის განმავლობაში გირტყამდნენ, მაგრამ ყვითელ ბარათებს არ აძლევდნენ. დღეს შემტევებისთვის თამაში გაცილებით ადვილია. ჩვენს დროში მესი და რონალდუ გაცილებით ნაკლებ გოლს გაიტანდნენ, არა 40-ს, არამედ 20-ს, ან 20-ზე ნაკლებს“.
ფონსეკას ხუთ იტალიურ კლუბში უთამაშია. ურუგვაელი „კალიარიში“ (1990-92), „ნაპოლიში“ (1992-94), „რომაში“ (1994-97), „იუვენტუსსა“ (1997-2001) და „კომოში“ (2002-03) თამაშობდა. 1995 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებულმა სერია მხოლოდ ერთხელ, 1997-98 წლების სეზონში მოიგო. ამავე სეზონში ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.