დი მარია, ლოჩოშვილი და სხვები - ლუკა სიმბოლურშია და მედია აქებს
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ კოპა იტალიას დაემშვიდობა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალში იყო გასული, სადაც მისი მეტოქე „ფიორენტინა“ გახლდათ და „ვიოლამ“ ორი მატჩის ჯამში, 2:0 იმარჯვა. კრემონული გუნდის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი სასტარტოში დაბრუნდა, თავი კარგად წარმოაჩინა, იტალიური მედია მის სიმამაცეზე აკეთებს აქცენტს.
Calciomercato: „პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო, საწყის ნახევარ საათში კაბრალის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა. თამაშში ჩართვისას სიმამაცესა და სიზუსტეს ავლენდა მაშინაც კი, როცა იძულებული იყო უკან დაეხია“.
Tuttomercatoweb: „უხეშად თამაშობდა. დაცვითი ფუნქციების შესრულებისას გაბედული იყო, თუმცა ეს არ იყო ზედმეტი გაბედულება, მედიდურობა. ყოველთვის სუფთად არ მოქმედებდა, თუმცა როცა მისი ყოფნის საჭიროება ჩნდებოდა, ის ადგილზე იყო“.
„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ლუკას შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა: „მას ტრავმა დიდი ხანი აწუხებდა. დაბრუნდა და განვითარების სწორ გზაზეა“.
Sofascore-მა ლოჩოშვილი იტალიის თასის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. სიმბოლური გუნდი ასეთია:
ანდრე ონანა, ალექს ფერარი, ლუკა ლოჩოშვილი, ალექს სანდრო, ნიკოლო ბარელა, დოდო, ადრიან რაბიო, კრისტიანო ბირაგი, ნიკო გონსალესი, ანხელ დი მარია, ლაუტარო მარტინესი
ლოჩოშვილმა „ფიორენტინასთან“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად იასპარეზა. 27-ე წუთზე, მან ვარდნა განახორციელა, რომლის შემდეგაც ბურთი ხელზე მოხვდა და „ფიორეს“ ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯი სხვა აზრზე იყო. „კრემონეზეს“ მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა და მატჩი 2 ზუსტი დარტყმით დაასრულა, „ვიოლა“ კი ფინალში დამსახურებულად გავიდა.