„რატომ დავარქვი შვილს ხვიჩა?“ - ნაპოლის ქომაგის განმარტება
არმანდო პეტროსო „ნაპოლის“ გულშემატკივარია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, იტალიური პრესა აალაპარაკა. მან და მისმა მეგობარმა გოგონამ თავიანთ შვილს ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად, დანიელე ხვიჩა დაარქვეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
იტალიური სატელევიზიო არხი, Sky Sport Italia პეტროსოს ოჯახს ესტუმრა და „პარტენოპეის“ ქომაგმა ახსნა, მან და მისმა პარტნიორმა ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს: „ჩვენს შვილს ეს სახელი იმიტომ დავარქვით, რომ კვარაცხელიას და რა თქმა უნდა, მთელი ნაპოლის წყალობით, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი გუნდი ისტორიას წერს.
პარტენოპეის სკუდეტოს უდიდესი სიხარული მოაქვს და ვფიქრობ, ამის დრო იყო. ნაპოლის გულშემატკივრები ვართ და ჩემი აზრით, კვარაცხელია ამ გუნდში ყველაზე ნიჭიერია. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით“.
ცნობისთვის, არმანდოს მამაც „ნაპოლის“ გულშემატკივარი იყო და დიეგო მარადონას პატივსაცემად, არმანდო დაარქვა.