თასიდან გამოვარდნის შემდეგ, ალ-ნასრის დირექტორთა საბჭო იშლება
რამდენიმე დღის წინ, „ალ-ნასრი“, რომლის შემადგენლობაშიც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში „ალ-ვაჰდასთან“ 1:0 დამარცხდა.
ამ მარცხის შემდეგ, გუნდში დიდი არეულობა დაიწყო. იმედგაცრუებული იყო რონალდუც, რომელიც გუნდელებს პირადპირ მოედანზე უყვიროდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მუსალი ალ-მუამარმა გადადგომის შესახებ განცხადება სპორტის სამინისტროს გაუგზავნა. მისი ასეთი მოთხოვნა გუნდის გულშემატკივრების ზეწოლას უკავშირდება. ინფორმაციას Saudi Gazette ავრცელებს.
კლუბში ზოგადად ხელმძღვანელთა დიდი რეორგანიზაცია იგეგმება. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს ორ დღეში მიიღებენ და მოქმედ დირექტორთა საბჭოს დაითხოვენ. „ალ-ნასრის“ საქმეებს სავარაუდოდ გენერალური მდივანი განაგებს.
ალ მუამარი კლუბს 2021 წლის 1 აპრილიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის საუდის არაბეთის ლიგის ხელმძღვანელი იყო.