ილია თოფურია: „მინდა, ლეგენდა გავხდე და სამუდამოდ დამიმახსოვრონ“
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემას, Marca-ს ესაუბრა. „ელ მატადორმა“ გრძელვადიან გეგმებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისი მიზანია MMA-ის ლეგენდა გახდეს.
„მინდა, ლეგენდა გავხდე. არ მინდა, მორიგი მებრძოლი ვიყო და მსურს, ჩემი სახელი სამუდამოდ დაამახსოვრდეთ. ლეგენდის სტატუსის მოსაპოვებლად სპორტში რევოლუციის მოხდენაა საჭირო და ვფიქრობ, მომავალში ხალხი ჩემგან ნახავს იმას, რაც არასდროს უნახავს. მჯერა, ჩემს ადგილსა და სტატუსს დავისაკუთრებ. ესაა მიზანი, რომელიც ბავშვობაში დავისახე და მინდა, მას მივაღწიო. მინდა, დავამტკიცო, რომ თავდაუზოგავი შრომითა და მსხვერპლის გაღებით ყველაფერია შესაძლებელი.
ჯოშ ემეტთან ჩხუბზე რას ვიტყოდი? იგივე შედეგი იქნება და მოხდება ის, რაც ყოველთვის ხდება. მას პირველ რაუნდში დავანოკაუტებ. ჩემი ერთ-ერთი მიზანი UFC-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მონაწილეობა იყო, მაგრამ ამაზე არ გავჩერდები. შეიძლება, ვიღაც კმაყოფილი იყოს, რომ რეიტინგში მე-9 ან მე-5 ადგილს იკავებს, მაგრამ მათგან განვსხვავდები. ზეიმს მაშინ დავიწყებ, როცა საჩემპიონო ქამრის მფლობელი გავხდები. ვიცი, რომ ბევრად მაღალი დონის მებრძოლი ვარ და ზეიმს მაშინ დავიწყებ, როცა ნომერ პირველი ვიქნები“.
შეგახსენებთ, რომ ემეტისა და ილიას ორთაბრძოლა თბილისის დროით, 24 ივნისს გაიმართება და UFC-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.