იანისი სახლში მიდის - ჰიტი და ნიქსი კონფერენციის ნახევარფინალში არიან
NBA-ში პლეი ოფის სერიის მორიგი შეხვედრები გაიმართა და აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ნახევარფინალისტებიც გაირკვა.
დღის პირველ სათამაშო მატჩში „ნიუ იორკ ნიქსი“ სტუმრად „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 11 ქულის სხვაობით, 106:95 გაიმარჯვა.
სტუმრებმა კომფორტული უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარშივე შეიქმნეს და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ. „ნიქსი“ დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მასპინძელთა თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად, ლიდერობა არ დაუკარგავს. უფრო მეტიც, მესამე პერიოდის დასრულებამდე 18 ქულით იგებდნენ და თამაშის ბედიც ვადაზე ადრე გადაწყვიტეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ჯეილენ ბრანსონი გახდა, რომელმაც 41:33 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გამორჩეული იყო მიტჩელ რობინსონიც, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო - 13 ქულა, 18 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა, 3 ბლოკი.
შედეგად, „ნიუ იორკ ნიქსმა“ სერია 4:1 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალში „ნიქსის“ მეტოქე „მაიამი ჰიტი“ იქნება, რომელმაც პლეი ოფის მერვედფინალური სერიის მე-5 მატჩში სტუმრად „მილუოკი ბაქსი“ 128:126 დაამარცხა და იანის ანტეტოკუნმპო პლეი-ოფის მიღმა დატოვა.
მილუოკში გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვებული კი ოვერტაიმში გამოვლინდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიდერის სტატუსიც მრავალჯერ შეიცვალა. საგულისხმოა, რომ მესამე პერიოდის ბოლოს მილუოკი 16 ქულით იგებდა, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და დასკვნით მეოთხედში მეტოქეს წინააღმდეგობა ფაქტობრივად ვერ გაუწიეს. შედეგად, მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც უფრო ძლიერი მაიამი გამოდგა და კონფერენციის ნახევარფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ჯიმი ბატლერი გახდა, რომელმაც 42 ქულას მოუყარა თავი. ამასთან, მის ანგარიშზე 8 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკიც იყო. გამორჩეული იყო ბამ ადებაიოს თამაშიც, რომელმაც სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 20 ქულა, 10 მოხსნა, 10 ასისტი.
„ბაქსიდან“ კი საუკეთესო იანის ანეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა: 38 ქულა, 20 მოხსნა, 3 ასისტი. თუმცა, ბერძენი კალათბურთელის კარგი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
შედეგად, „მაიამი ჰიტი“ და „ნიუ იორკ ნიქსი“ ერთმანეთს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში შეხვდებიან, სერიის პირველი მატჩი კი 30 აპრილს, ნიუ იორკში გაიმართება.