დევინ ბუკერი, დეანდრე ეიტონი, ტრეი იანგი, ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ნიკოლა იოკიჩი, რუდი გობერი, კევინ დურანტი, ჯამალ მიურეი, ჯეილენ ბრაუნი, რასელ უესტბრუკი, ნორმან პაუელი, ნიკოლა ბატუმი, აარონ გორდონი
Aa
Aa

უიღბლო კლიპერსი, დამაჯერებელი დენვერი | ტრეი იანგმა თიდი გარდენი დაადუმა

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდის ერთი წყვილი უკვე ცნობილია. „დენვერ ნაგეთსმა“ და „ფინიქს სანსმა“ თავიანთი სერიები ერთნაირი ანგარიშით, 4:1 მოიგეს და კონფერენციის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

„დენვერმა“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ აჯობა და საკუთარ კედლებში გამართული მე-5 შეხვედრა 112:109 მოიგო. წინა საშინაო მატჩებისგან განსხვავებით, „ნაგეთსს“ სასურველი შედეგის დაფიქსირება გაუჭირდა და გამარჯვებულის ბედი ბოლო 72 წამში გადაწყდა. ენტონი ედვარდსს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი სამიანი არაზუსტი აღმოჩნდა.

„დენვერის“ მხრიდან საუკეთესო ჯამალ მიურეი იყო - 35 ქულა, 5 ასისტი, 4 მოხსნა. ნიკოლა იოკიჩმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 28 ქულა, 17 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა. აარონ გორდონმა და ბრიუს ბრაუნმა 14-14 ქულა მიითვალეს. ზემოთ ხსენებულ ედვარდსს 29 ქულა ჰქონდა. კარლ-ენტონი თაუნსმა 26 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, რუდი გობერმა - 16 ქულა, 15 მოხსნა.

„დენვერის“ მსგავსად, რთული ბრძოლის გადატანა მოუწია „ფინიქსს“. „სანსის“ მეტოქე, „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ გუნდის ლიდერების, პოლ ჯორჯისა და კავაი ლეონარდის გარეშე იყო, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და სერიის გაგრძელებასთან ახლოს გახლდათ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, „ფინიქსი“ მხოლოდ 2 ქულით იგებდა და „კლიპერსს“ ნიკოლა ბატუმის სამიანით წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ფრანგმა კალათბურთელმა ააცილა და დარჩენილ დროში, „სანსმა“ უპირატესობა შეინარჩუნა - 136:130.

„ფინიქსს“ დევინ ბუკერმა ულიდერა - 47 ქულა, 10 ასისტი, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა. კევინ დურანტს 31 ქულა ჰქონდა. დეანდრე ეიტონს - 21 ქულა, 11 მოხსნა. „კლიპერსის“ რიგებში ნორმან პაუელი გამოირჩა - 27 ქულა. მეისონ პლამლიმ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, რასელ უესტბრუკმა კი საშინლად ითამაშა, 18-დან 3 ბურთი ჩააგდო და მატჩი 14 ქულით დაასრულა.

დასავლეთ კონფერენციის ფავორიტები დამაჯერებლად გამოიყურებიან, რასაც აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენლებზე ვერ ვიტყვით. პირველი ნომერი, „მილუოკი ბაქსი“ „მაიამი ჰიტთან“ 1:3-ს აგებს, მეორე ნომერმა, „ბოსტონ სელტიქსმა“ კი „ატლანტა ჰოუქსთან“ სერია საკუთარ კედლებში, „თიდი გარდენში“ ვერ დახურა და ჯორჯიელებს ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა - 3:2.

„ატლანტამ“ გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა. საფინალო სირენამდე 1.8 წამით ადრე, ტრეი იანგმა სამიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი 2 ქულით დააწინაურა - 119:117. იანგმა მატჩი 38 ქულითა და 13 ასისტით დაასრულა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ჯონ კოლინსმა 22 ქულა მიითვალა, ბოგდან ბოგდანოვიჩმა - 18. „ბოსტონს“ 35 ქულით ჯეილენ ბრაუნმა ულიდერა, ჯეისონ ტეიტუმს 18 ქულა ჰქონდა, დერიკ უაითს - 18.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას 8 დაუწერა, ლეაუს - 7 | დავიდ ვილიამ სერია A-ს შემტევები შეაფასა
კვარას 8 დაუწერა, ლეაუს - 7 | დავიდ ვილიამ სერია A-ს შემტევები შეაფასა