დინამო ზედიზედ მეორედ დამარცხდა - დილამ კოვტალიუკის გოლით მოიგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ნომინალური მასპინძელი თბილისის „დინამო“ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გორის „დილასთან“ 1:2 დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 55-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ მცველის, დავით კობოურის ავტოგოლით გაიხსნა. სტანდარტული დარტყმა ჩიტეიშვილმა შეასრულა, ტიერი გეილის გადაცემის შემდეგ ბურთს დავით კობოური შეეხო და ბურთი „დინამოს“ კარში აღმოჩნდა.
61-ე წუთზე ონორე გომისის საგოლე პასით მიკოლა კოვტალიუკმა საჰაერო ბრძოლა გიორგი მაისურაძეს მოუგო და მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 27 წლის უკრაინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში მე-5 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.
„დინამომ“ ანგარიში 63-ე წუთზე შეამცირა, ცვლილებაზე გამოსული ლაშა ოდიშარიას გადაცემით ზორან მარუშიჩმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო 20 წლის ბარბადოსელი შემტევი ტიერი გეილი იყო, რომელიც მატჩის მიწურულს გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს გაარტყა.
თბილისის „დინამომ“ 24-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გასულ ტურში შეწყვიტა, „საბურთალოსთან“ მარცხის შემდეგ ქულები „დილასთან“ დაკარგა. აღნიშნულ ორ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.
10 ტურში თბილისის „დინამომ“ 20 ქულა დააგროვა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდს ჯერ მე-10 ტურის შეხვედრა არ ჩაუტარებია, 26 აპრილს „შუქურას“ შეხვდება. რაც შეეხება გორის „დილას“, ანდრეი დემჩენკოს გუნდი 14 ქულით მე-6 ადგილზეა, გასავარდნ ზონას8 ქულით უსწრებს, საუკეთესო სამეულს 4 ქულით ჩამორჩება.
მე-11 ტურში „დილა“ „ტორპედოს“ მიიღებს, თბილისის „დინამო“ „სამგურალს“ ესტუმრება, ორივე შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება.