ტყუპი ძმების გოლები - კუპატაძემ პენალტი აიღო და საბურთალომ ტორპედოს მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქუთაისის „ტორპედო“ „ეროსი მანჯგალაძეზე“ „საბურთალოსთან“ 0:3 დამარცხდა. გოლები გიზი მამაგეიშვილის, იური ტაბატაძისა და ოთარ მამაგეიშვილის ანგარიშზეა.
ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ გასულ ტურში თბილისის „დინამოს“ მოუგო, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ გუნდმა „ტორპედოს“ 2 ქულით გაასწრო და 18 ქულით მესამე ადგილზეა, თბილისის „დინამოს“ 2 ქულით ჩამორჩება, ლიდერ ბათუმის „დინამოს“ - 3 ქულით.
26-ე წუთზე ნიკა სანდოხაძის პასი შეიკნე სილამ ჩაჭრა, კონტრშეტევა ოთარ მამაგეიშვილმა განავითარა და მისი გადაცემით გიზი მამაგეიშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა.
20 წლის გიზიმ მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 3 გოლი შეაგდო. 10-დან ყველა შეხვედრა სასტარტოში ჩაატარა, მხოლოდ ორჯერ შეცვალეს.
ტაიმის მიწურულს მთავარმა მსაჯმა „ტორპედოს“ კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, სანდოხაძემ ტაბატაძის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, ეპიზოდი VAR-მა შეამოწმა, საბოლოო გადაწყვეტილება მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა მიიღო, ტაბატაძემ დაარტყა და გაიტანა. 23 წლის ცაციამ მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში 3 გოლი ჩაიწერა აქტივში, გამოსარჩევია მისი ეფექტური დარტყმა თბილისის „დინამოსთან“ მოგებულ შეხვედრაში.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი არაბიძემ პენალტი გამოიმუშავა, მსაჯის აზრით მის წინააღმდეგ თამაშის წესი ოთარ მამაგეიშვილმა დაარღვია. „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ არაბიძეს აჯობა, დარტყმის მიმართულება გამოიცნო და საბოლოოდ ამ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
ლაზარე კუპატაძემ მიმდინარე სეზონში 8-დან 4 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.
57-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე გიზი მამაგეიშვილმა იაქტიურა, საჯარიმოში შეიკნე სილამ ბურთი გააკონტროლა და მისი პასით ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა. შეიკნე სილას დღევანდელ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, თუმცა ორი გოლის შექმნაში ჩართული იყო.
ტყუპმა ძმებმა გიზი და ოთო მამაგეიშვილებმა ამ სეზონში 3-3 გოლი გაიტანეს.
მომდევნო ტურში „საბურთალო“ ბათუმის „დინამოს“ რუსთავში მიიღებს, შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება. ამავე დღეს „ტორპედო“ გორის „დილას“ ესტუმრება.
„საბურთალოს“ პრესსამსახურის ფოტოები