შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია | პსჟ ოსიმენის შეძენას აქტიურად ცდილობს
„ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი, ვიქტორ ოსიმენი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი სამიზნეა. ფრანგული გამოცემის, Foot Mercato-ს ინფორმაციით, პსჟ-ს საფეხბურთო მრჩეველს, ლუიშ კამპუშსა და ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
პარიზული გრანდის მთავარი პრობლემა ნიგერიელი თავდამსხმელის პოზიციაა. ვიქტორი „ნაპოლის“ დატოვების წინააღმდეგი არაა, მაგრამ მისი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა, შემდეგ კი ბუნდესლიგა მოდის. Foot Mercato-ს მიხედვით, ოსიმენის ტრანსფერი დელიკატური საკითხი იქნება და „ნაპოლი“ მის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი კონკურენტები „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“ და „ბაიერნი“ არიან. „არისტოკრატების“ მომდევნო მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს, თავდამსხმელის გაფორმება სურს და ოსიმენი ერთ-ერთი კანდიდატურაა, თუმცა მის გარდა, ჰარი კეინის ვარიანტიც გაჟღერდა. „მანჩესტერსა“ და „ბაიერნს“ რაც შეეხებათ, ორივე მათგანი მაღალი დონის ცენტრფორვარდს ეძებს და ოსიმენის ვარიანტზე მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორს ფენომენალური სეზონი აქვს და სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამართულ 25 შეხვედრაში, 21 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა.