ფაბიო კანავარო: „ოსიმენი და კვარა ძლიერები არიან, მაგრამ მთავარი სპალეტია“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ და „პარტენოპეის“ საჩემპიონო სვლაზე ისაუბრა. კანავარომ ნეაპოლური კლუბის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი დაასახელა და გუნდის თავკაცი, ლუჩანო სპალეტი გამოარჩია.
„რატომაა ეს სკუდეტო განსაკუთრებული? რადგან აქამდე მოპოვებული ორი ტიტული მარადონას, როგორც ლეგენდარული სიმბოლოს გამო, უნიკალური იყო. დიეგომ კლუბის ისტორიის ფანტასტიკური ფურცლები დაწერა და განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა, ამ სკუდეტოს კი რამდენიმე მთავარი გმირი ჰყავს და ყველაზე მნიშვნელოვანი ლუჩანო სპალეტია.
არიან თუ არა კვარა და ოსიმენი დიეგოს დონეზე? ნებისმიერი სახის შედარება მკრეხელობა იქნება. კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნაპოლის ფენომენალური ასპარეზობა მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. სპალეტიმ კონკურენტუნარიანი გუნდი წარმოგვიდგინა, რომელიც სტაბილურობითა და განგრძობადობით გამოირჩევა. ოსიმენსა და კვარას ტურინში ბრწყინვალედ არ უთამაშიათ, მაგრამ მატჩი ელმასმა და რასპადორიმ გადაწყვიტეს. იუვენტუსთან აღებულმა სამმა ქულამ ნაპოლის ჩემპიონობა გაუნაღდა და სიმბოლურია, რომ ეს ტურინში მოხდა.
სპალეტიმ მიაღწია იმას, რისიც საწყის ეტაპზე, თავადაც არ სჯეროდა. მიმდინარე სეზონში ლუჩანოს პირველი პრესკონფერენცია კარგად მახსოვს. მან კულიბალის წასვლის გამო წუხილი გამოხატა, მაგრამ შემდეგ განსაკუთრებული მექანიზმი შექმნა, რომელსაც ბევრი სახე ჰყავს. თუ მეტოქე ლობოტკას ამოკეტვაზე ფიქრობს, ნაპოლის განაპირა მცველები ცენტრში შედიან და იქვეა ზამბო ანგისაც. კვარაცხელიაზე თუ ორმაგ დაცვას დააწესებთ, სივრცეს ჟელინსკი აითვისებს და ა.შ. ნაპოლის ბევრი გმირი ჰყავს და გუნდმა ბოლო წლებში დიდ პროგრესს მიაღწია“.
შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო და 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი და 4 ასისტი გაიფორმა