დაზიანება სერიოზულია - იბრამ შეიძლება სეზონი დაასრულოს
სერია ა-ს გასულ ტურში „მილანმა“ „ლეჩეს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. „როსონერიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა ამის პარალელურად არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
მატჩის შემდეგ, იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ იბრაჰიმოვიჩმა გახურების დროს ტრავმა მიიღო. საქმე წვივის უკან მდებარე კუნთის დაზიანებას ეხება. თავდაპირველი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი ხდება, რომ მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ 41 წლის თავდამსხმელისთვის დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ზლატანს კიდევ ერთი დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაზუსტებული ინფორმაცია გაჟღერდება.
???? #Milan, infortunio al polpaccio per #Ibra: sembra una cosa seria, la sua stagione potrebbe essere finita
— Milan Zone (@theMilanZone_) April 24, 2023
via @Corriere
შეგახსენებთ, რომ შვედმა ლეგენდამ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სტადიონს სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. მიმდინარე სეზონში, იბრაჰიმოვიჩმა მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
ასევე შეგახსენებთ, „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ინტერს“ დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ „როსონერი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოიგებს იბრა ოქროს მედალს ვერ მიიღებს, რადგან ის სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს.