ხვიჩა კვარაცხელია, კლაუდიო მარკიზიო, ფედერიკო გატი
Aa
Aa

„თითქოს გატი ხვიჩას ეუბნება, რომ ჩაარტყამს“ - დი კანიოსა და მარკიზიოს მოსაზრებები

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ RAI-ს ეთერში „იუვენტუსი“ - „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით ფედერიკო გატის მიერ კვარაცხელიაზე არასპორტული თამაშის გამო მთავარ მსაჯს ტურინული გუნდის მცველის მიმართ მინიმუმ ყვითელი ბარათის ჩვენება შეეძლო.

მარკიზიო: „გატიმ კვარაცხელიასთან წარმატებით ითამაშა? სულ მცირე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, VAR-ს რომ შეემოწმებინა, შესაძლოა გატისთვის წითელი ბარათი ეჩვენებინა“.

მარკიზიომ დი მარიას მიერ გატანილ გოლზეც ისაუბრა, რომელიც არბიტრმა არ ჩათვალა. მისი აზრით, მილიკს ლობოტკას წინააღმდეგ თამაშის წესი არ დაურღვევია, თუმცა განმეორებით ჩვენებაზე ჩანს, რომ პოლონელი სლოვაკს ეხება.

„დი მარიას მიერ გატანილი გოლი უნდა ჩათვლილიყო, მილიკი ელოდება, რომ ლობოტკა ბურთზე ითამაშებს და პოლონელი ბურთზე თამაშს ცდილობს. ასეთ მომენტში თუ მეტოქის ფეხბურთელი წინ დგას, შეხების უფლება გაქვს, ეს ჯარიმა არაა“.

პაოლო დი კანიომ Sky Sport-თან საუბარში ხვიჩასა და გატის ეპიზოდზე შემდეგი რამ თქვა:

„გატის ისეთი გამომეტყველება აქვს, რომ თითქოს ხვიჩას ეუბნება, რომ ჩაარტყამს. გატის გამომეტყველებიდან და ქმედებიდან გამომდინარე ამ ეპიზოდის გადამოწმება VAR-ზე შეიძლებოდა. გატის ხელი მსაჯმა ვერ დაინახა? მან აგრესიულად იმოქმედა“.

მატჩის მიმოხილვა

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ Mediaset-თან ინტერვიუში გუნდების მცველები გამოარჩია, დი მარის არჩათვლილი გოლის ეპიზოდზე კი პასუხი არ ჰქონდა.

„ჩვენ ვნახეთ თამაში, ორივე გუნდს ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს. მნიშვნელოვანია დაცვის ხაზში გატისა და კიმის ჩართულობა. მეორე ტაიმში რაღაც უფრო მეტი მოხდა. მომეწონა „ნაპოლის“ დამოკიდებულება, მათ იცოდნენ, როგორ გაემარჯვათ განსხვავებული გზით ზედმეტი სირთულის გადატანის გარეშე. რაც შეეხება დი მარიას მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაითვალა, არ ვიცი ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო თუ არა“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 31-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ელმასის პასით რასპადორიმ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და ლუჩანო სპალეტიმ 86-ე წუთზე რასპადორით შეცვალა.

31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაადრევი ზეიმი არ გვინდა“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
„ნაადრევი ზეიმი არ გვინდა“ - სპალეტი მატჩის შემდეგ