„ნაადრევი ზეიმი არ გვინდა“ - სპალეტი მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„ნაადრევი ზეიმი არ გვინდა“ - სპალეტი მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებულ წუთებზე ჯაკომო რასპადორის მიერ გატანილი გოლის წყალობით 0:1 დაამარხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

ემოცია? ეს ის გრძნობაა, რასაც ყველა გამარჯვების შემდეგ ვგრძნობ. საჩემპიონო რბოლა? ჯერ კიდევ გვაქვს ქულები ასაღები და ნაადრევად ზეიმი არ გვინდა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გულშემატკივრები აქტიურად გვიჭერდნენ მხარს და ეს სასიამოვნოა. ორმაგად სასიხარულო იქნება, თუ ჩემპიონობას ერთად ვიზეიმებთ.

ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ისინი ძალიან კარგები იყვნენ და იცოდნენ, რა ელოდათ მოედანზე. წინა მატჩიდან შეუძლებელი იყო, რომ მინიმალური სიმწარე მაინც არ გამოჰყოლოდათ, ამის გამო, ამ მოედანზე მარცხისგან გამოწვეული ნარჩენების მოშორება ძალიან რთული იყო. გულშემატკივრებმა ძალიან შეგვიწყვეს ხელი... გამამხნევებელი შეტყობინებები მივიღეთ და ამან დიდი როლი ითამაშა. საერთო ჯამში, კარგი თამაში ვაჩვენეთ.

რასპადორის გოლი? მოედანზე შემოსვლიდან 10 წუთში თამაშში სრულად ჩართვა მარტივი არ არის, მაგრამ რასპადორი არის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი წარსული, ინტელექტუალი ბიჭია, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს. ის თავის შანსს იდეალურად იყენებს, იმის მიუხედავად, რომ ცოტას ვათამაშებ.

გამარჯვება სასიამოვნოა და არ აქვს მნიშვნელობა ეს როდის მოხდება: თამაშის ბოლოს, თუ შუაში. ცოტათი სასიამოვნოა ბოლოს მოგება, რადგან როდესაც დრო იწურება და იტან, უფრო კარგ არომატს იძენს. მნიშვნელოვანია, რომ გოლის გატანა ბოლომდე გვინდოდა და გუნდიც დაჯილდოვდა.

რა მომეწონა ყველაზე მეტად? ბიჭების მიდგომა, ხასიათი, შემართება და რეაქცია, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში გაწიეს. ამაზე ალბათ წიგნიც უნდა დავწერო. ბოლო სამი დღის განმავლობაში ორი ერთმანეთზე ძლიერი მეტოქე გყავდა. ამ დამოკიდებულებას ისინი მთელი სეზონის განმავლობაში იჩენენ და თანმიმდევრულად ახორციელებდნენ, შესაბამისად, დაჯილდოვდნენ კიდეც. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გავაკეთეთ, რომ კონკურენტებთან ასეთი სხვაობა შეგვექმნა, მენტალიტეტი აღგვედგინა და ნეაპოლიტანელთა დიდხნიანი ოცნება აგვესრულებინა. სწორედ ბიჭები არიან ისინი, რომლებმაც გულშემატკივრების გიჟური სურვილი უნდა აასრულონ.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 78 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს, საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლი ქათმებივით გავუშვით...“ - ალეგრი მატჩის შემდეგ
„გოლი ქათმებივით გავუშვით...“ - ალეგრი მატჩის შემდეგ