მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ზედიზედ მეორე დუბლი - მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი სენტ. ეტიენთან

საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ. ეტიენი“ შინ „მეცთან“ 1:3 დამარცხდა. „მეცის“ ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა, პირველი ტაიმის 15-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო. მე-11 წუთზე საბალის პასის შემდეგ მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

 

მე-12 წუთზე მიქაუტაძის განელმა თანაგუნდელმა კოფი კუაომ ანგარიში ორამდე გაზარდა. 26-ე წუთზე მიქაუტაძის შესრულებულ კუთხურს პენალტი მოჰყვა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა ზუსტად შეასრულა, მეკარემ დარტყმის მიმართულება ვერ გამოიცნო და ანგარიში 0:3 გახდა.

მიქაუტაძემ დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. გასულ ტურში 2 გოლი „ბორდოსთან“ გაიტანა. მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში მის აქტივში 4 დუბლი და 1 ჰეთ-თრიკია.

ლიონში დაბადებულმა ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ში 31 მატჩში 19 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, საფრანგეთის თასის სამ შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ასე რომ, ორივე ტურნირის გათვალისწინებით ამ სეზონში მის ანგარიშზე 20 გოლია.

37-ე წუთზე ნიკს ნკუნკუმ ანგარიში შეამცირა - 1:3. პირველ ტაიმში ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო, თუმცა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა.


მეორე ტაიმში თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა გამბიელმა აბლი იალოუმ ცუდად დაარტყა.

 

მე-80 წუთზე „მეცი“ რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მალევე, „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.

Sofascore-მა მიქაუტაძეს 7.9 დაუწერა, რაც „მეცის“ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო შეფასება იყო. მეტოქის მხრიდან მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ჟან-ფილიპე კრასომ მიიღო - 8,1. ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძე 19 გოლით პირველია და კრასოს 3 გოლით უსწრებს.

საფრანგეთის ლიგა 2-ში „ლე ავრი“ 64 ქულით პირველ ადგილზეა, „მეცი“ 58 ქულით მეორე პოზიციაზეა, „ბორდო“ 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზურიკო დავითაშვილის გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, 31-ე ტურში „გრენობლის“ უმასპინძლებს (24 აპრილი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომის გამოსყიდვა სურს“ - კვარა იუვენტუსისთვის ემზადება
„შეცდომის გამოსყიდვა სურს“ - კვარა იუვენტუსისთვის ემზადება