ტოპ მეკარისთვის საჭირო თვისებები აქვს | რას წერს GOAL-ი მამარდაშვილზე
ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, GOAL-მა „მანჩესტერ იუნაიტედზე“ დაწერა და ის მეკარეები დაასახელა, რომლებიც „წითელმა ეშმაკებმა“ დავიდ დე ხეას შემცვლელად უნდა განიხილონ. ესპანელ გოლკიპერს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, თუმცა ბრიტანეთში ვარაუდობენ, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ერთი წლით დარჩება. ნებისმიერ შემთხვევაში, „მანჩესტერი“ მისი სათანადო შემცვლელის მოძიებაზე იქნება ორიენტირებული და GOAL-ის მიხედვით, „წითელი ეშმაკები“ გიორგი მამარდაშვილსაც უნდა დააკვირდნენ.
„22 წლის მამარდაშვილს, რომელიც ვალენსიამ 2021 წელს, სარეზერვო გუნდისთვის გაიფორმა, მეტეორული აღმასვლა აქვს. იგი გვაჩვენებს, რომ აქვს ყველა თვისება, რაც ტოპ დონის მეკარისთვისაა საჭირო და მოქნილობით, რეაქციით, საკუთარი საჯარიმოს გაკონტროლებითა და ბურთის მოგერიების უნარით გამოირჩევა.
მამარდაშვილი ფეხით იდეალურად ვერ თამაშობს, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომელზეც მუშაობა ნამდვილად შეიძლება. მართალია, არის შანსი, კარიერის ასეთ ადრეულ ეტაპზე, მანჩესტერ იუნაიტედის პირველი მეკარის სტატუსის დასაკუთრება მისთვის ცოტათი დიდი ნახტომი აღმოჩნდეს, მაგრამ ვალენსიას ფინანსურად რთული პერიოდი უდგას და წითელ ეშმაკებს მისი ტრანსფერი ძვირი არ დაუჯდებათ. თანაც, წარსულში, მათ რამდენჯერმე გაუმართლათ, როცა გარისკეს და დე ხეაც 20 წლის ასაკში გაიფორმეს“, - წერს GOAL-ი.
გეტყვით იმასაც, რომ ცნობილმა გამოცემამ „მანჩესტერს“ მამარდაშვილის გარდა, დიეგო კოშტა, მაიკ მენიო, ჯორდან პიკფორდი, დავიდ რაია, დინ ჰენდერსონი და ბარტ ვერბრუგენი ურჩია.