„მილანთან კვარას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი“ - იტალიის ნაკრების ექს-თავკაცი
კაროლინა მორასი იტალიური ქალთა ფეხბურთის ლეგენდაა და „სკუადრა აძურას“ რიგებში 150 მატჩი აქვს ჩატარებული. 2000-დან 2005 წლამდე, იგი იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და სხვადასხვა დროს, „ლაციოში“, „მილანში“ და კანადის ნაკრებში უმუშავია.
მორასი „ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის სტუმარი გახლდათ და „მილანისა“ და „პარტენოპეის“ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიმართა. „სკუადრა აძურას“ ყოფილმა თავკაცმა ლუჩანო სპალეტის გუნდის მთავარი პრობლემა დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ნაპოლის ფსიქოლოგიური პრობლემები ბევრად ადრე შეექმნა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახლა სპალეტიმ გამოსავალი უნდა იპოვოს და მილანთან დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. სტეფანო პიოლი ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოემზადა და კვარას წინააღმდეგ ორმაგ დაცვას ბრწყინვალედ იყენებდა. სწორედ ამიტომ, სპალეტის ადგილას ხვიჩას მარჯვენა ფლანგზე გადავიყვანდი. პარტენოპეი ისე ვეღარ დარბის, როგორც ამას ადრე აკეთებდა და ნაპოლის ფეხბურთელები ბურთზე ყოველთვის მეორეები არიან“.
შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 15 ქულის დაბრუნების შემდეგ, 59 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.