მარიო რუისთვის სეზონი დასრულდა - მას ოლივეირა შეცვლის
Tuttosport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ მარცხენა მცველისთვის, მარიო რუისთვის სეზონი დასრულდა. მას წვივის მცირე ძვლის ტრავმა აწუხებს. მას ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩში ურუგვაელი მატიას ოლივეირა შეცვლის.
მიმდინარე კვირაში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლი“ - „მილანის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა. რუიმ სასტარტოში ითამაშა და 34-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, 30 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 75 ქულით პირველ ადგილზეა, რომის „ლაციოს“ 14 ქულით უსწრებს. 31-ე ტურში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ესტუმრება, შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მარიო რუიმ 21 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 7 საგოლე პასია, ჩემპიონთა ლიგაზე ექვს შეხვედრაში 1 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს. პორტუგალიელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.