ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სიჯიუტე, ნერვიულობა, მედლის მეორე მხარე - Corriere della Sera-ს სტატია კვარაზე

ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, Corriere della Sera „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატიას უძღვნის. იტალიური გამოცემა ბოლო პერიოდში, „კვარას“ მიერ ნაჩვენებ თამაშს ეხმაურება და მის პრობლემებზე წერს.

„ხვიჩა კვარაცხელია 22 წლისაა და ქომაგთა მოლოდინებისგან წარმოქმნილ ზეწოლასთან გამკლავება ცოტათი უჭირს. ქართველი შემტევი გულშემატკივრების კუმირია და იტალიურ ფეხბურთზე გავლენა ნაპოლიში გადასვლისთანავე მოახდინა, მაგრამ ახლა მედლის მეორე მხარეს შეეჩეხა. მას რეგრესი აქვს და ალბათ, ასაკიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური პრობლემებიც გაუჩნდა, რადგან აბსოლუტურ ჩემპიონს ნაადრევად შეადარეს. კვარაცხელიას მიერ მოხდენილი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მასზე საუბრისას დიეგო მარადონასა და ჯორჯ ბესტს ახსენებდნენ და მისით New York Times-იც დაინტერესდა. იგი მეტოქეებისთვის ამოუცნობი და გარდაუვალი იყო, თანაგუნდელებს უშეცდომოდ ეხმარებოდა და მოწინააღმდეგე გუნდების კარის წინ მომაკვდინებელი გახლდათ, მაგრამ ნაპოლის რევოლუციის მარცხენა ფლანგზე მყოფი ფეხბურთელისგან მხოლოდ ლამაზი მოგონებები და იმედი დაგვრჩა, რომ ისევ ვიხილავთ იმას, რასაც საწყის შეხვედრებში ვხედავდით.

ბოლო რამდენიმე მატჩში, მან თავისი პოტენციალი ვერ გვაჩვენა და მეურვეები, რომელთა რაოდენობაც ზოგჯერ სამსაც აღწევდა, კარგად კეტავდნენ. ხვიჩა ანერვიულებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე - სწრაფის. მის თამაშში სიჯიუტე უფრო შეინიშნებოდა, ვიდრე - სიკაშკაშე. ზოგჯერ კი ჩქარობდა და ურტყამდა, როცა კარგ პოზიციაში არ იმყოფებოდა. კვარა მეტოქეზე წასვლას ჯიუტად ცდილობდა და რაც უფრო მეტ სიჯიუტეს იჩენდა, მით მეტად უჭირდა მეურვის ჩამოშორება. ხვიჩა ბრაზდებოდა და იმედი უცრუვდებოდა, რის გამოც, შეცდომებს უფრო სწრაფად უშვებდა. მისი ტალანტი აშკარაა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ რთული პერიოდი უდგას. მის კარიერაში ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც ამცნობს, რომ პროგრესის საწყის ეტაპზე იმყოფება. მილანთან მატჩის შემდეგ გამოქვეყნებული წერილი ამტკიცებს, რომ აღმასვლები და დაღმასვლები ჰქონდა. ის აცნობიერებს, რომ გაკვეთილების გათავისებაა საჭირო და სურს, წარმატებულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოსტაკურტა კვარაზე: „ასეთ დაცვის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა“
კოსტაკურტა კვარაზე: „ასეთ დაცვის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა“