კოსტაკურტა კვარაზე: „ასეთ დაცვის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა“
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ლუჩანო სპალეტის გუნდი ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
განვლილ შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება „მილანის“ ყოფილმა მცველმა, ალესანდრო კოსტაკურტამ დააფიქსირა და რამდენიმე ეპიზოდი შეაფასა, მათ შორის უნდა დაერტყა თუ არა ჟირუს პენალტი განმეორებით და იყო თუ არა ლოზანო ლეაუს ეპიზოდის დროს თერთმეტმეტრიანი.
კოსტაკურტას სიტყვებს SKY SPORTS-ი ციტირებს:
ვფიქრობ, ჟირუს პენალტი ახლიდან არ უნდა დაერტყა. რეგლამენტის მიხედვით, პენალტი რომ განმეორდეს, მცველები დარტყმამდე ორივე ფეხით საჯარიმოში უნდა იყვნენ შესულები, ჟეზუსს კი ცალი ფეხი საჯარიმოს ხაზს მიღმა ჰქონდა. ასე რომ, VAR-მა აღნიშნული ეპიზოდი სწორად შეაფასა. რაც შეეხება ლოზანოსა და ლეაუს ეპიზოდს, მსაჯმა თქვა, რომ ლეაუ პირველად ბურთს შეეხო. ზუსტად დანახვა არ შეგვიძლია, მაგრამ ჩანს, რომ ჯერ ფეხს ეხება, შემდეგ კი ბურთს.
კოსტაკურტამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელის თამაში მოიწონა:
როგორ შევაფასებ კვარაცხელიას თამაშს? მომეწონა. ძლიერი იყო და თავს არ ზოგავდა. პირველ ტაიმში, „მილანის“ დაცვამ დიდი სამუშაო გასწია და შეაჩერა. მის წინააღმდეგ მუდამ ორმაგი, ან სამმაგი დაცვა იყო. მეორე ნახევარში კი რამდენჯერმე ძალიან რთული მდგომარეობიდან შეძლო გამოსვლა და სახიფათო მომენტებიც შექმნა. „მილანმა“ აშკარად დათმო ნახევარდაცვა და დაწია დაცვის ხაზი, რათა უფრო უკეთ დაეცვა თავი კვარასა და ოსიმენის წინააღმდეგ, ამან გაამართლა. მათი წყვილი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ორი თვის წინ, მაგრამ მაინც სახიფათოები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ისტორიის განმავლობაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე, თუმცა მილანური ბარიერის დაძლევა ვერ შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიამ ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში „მილანის“ მეტოქე თანაქალაქელი „ინტერი“ იქნება.