კვარას ბოდიში და დი ლორენცოს პასუხი - რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე
18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. სამწუხაროდ, ლუჩანო სპალეტის გუნდი ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
შეხვედრის 82-ე წუთზე, როდესაც ანგარიში „მილანის“ სასარგებლოდ 0:1 იყო, „როსონერის“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, თუმცა ქართველ შემტევს დარტყმული მაიკ მენიომ აუღო.
ხვიჩა VS მილანი
მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩამ ემოციები ვერ დამალა და ტურნირიდან გამოვარდნა მძიმედ განიცადა, რის გამოც მას თითქმის მთელი გუნდი ამშვიდებდა.
ცნობილმა იტალიურმა სააგენტო Il Mattino-მ დღევანდელ გამოცემაში დაწერა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ, Castel Volturno-ში სავარჯიშო სესიის დაწყებამდე თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. სანაცვლოდ, თანაგუნდელებისგან გამხნევება მიიღო, განსაკუთრებით კი კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო გამოირჩეოდა, რომელმაც კვარას შემდეგი სიტყვები უთხრა: „გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება! ჩვენ იმის გამო არ გავვარდნილვართ, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანე!“.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხვიჩამ გულშემატკივრებს ბოდიში სოციალურ ქსელში გავრცელებული სპეციალური განცხადებით მოუხადა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ არსებობის ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა. ამასთან, კლუბს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ს მოგების ბრწყინვალე შანსი აქვს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.