გალტიეს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება | მიზეზი რასისტული განცხადებებია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, კრისტოფ გალტიეს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. პარასკევს, ნიცას პროკურატურამ დაადასტურა, რომ გალტიეს საქმეზე გამოძიება დაიწყო და სამხილების ამოსაღებად ადგილობრივი კლუბის შტაბ-ბინაშიც შევიდა.
ფრანგული პრესის ცნობით, სამართალდამცველებმა „ნიცას“ პრეზიდენტი, ჟან-პიერ რივერა დაკითხეს და უახლოეს დღეებში, ჩვენებებს კლუბის მმართველი საბჭოს სხვა წევრები მისცემენ. თუ გალტიეს ბრალდება დაუმტკიცდა, შესაძლოა, 3-წლიანი პატიმრობა და 45 000 ევროს გადახდა შეუფარდონ.
რა ხდება გალტიეს გარშემო
2022 წლის სექტემბერში, „ნიცას“ სპორტულმა დირექტორმა, ჟიულიენ ფურნიემ განაცხადა, რომ ვერ დაასახელებდა ძალიან „სერიოზულ“ მიზეზებს, რომელთა გამოც, გალტიესთან თანამშრომლობა შეწყვიტა. რამდენიმე საათის წინ, RMC Sport-მა ელექტრონული წერილი გაავრცელა, რომელიც შარშან, ფურნიემ კლუბის მფლობელ კომპანიას, INEOS-ს გაუგზავნა და მასში გალტიეს ბრალდებები წაუყენა.
„კრისტოფ გალტიე ჩემს ოფისში მოვიდა და თავის შვილს მიესალმა, რომელმაც მითხრა: „შეგიძლია, მამაჩემთან დააზუსტო სიტყვები, რომლებიც ჩემგან მოისმინე“. როგორც კი მისი შვილი/აგენტი წავიდა, კრისტოფს ვუთხარი, მასთან რა შინაარსის დიალოგი მქონდა. ამის შემდეგ, გალტიემ მითხრა, რომ მისი შვილის სიტყვები გამეთვალისწინებინა და გუნდში ნამდვილად ბევრი შავკანიანი და მუსლიმი ფეხბურთელი გვყავდა. გალტიემ მითხრა: „გუშინ საღამოს რესტორანში ვიყავი, ყველა ჩემთან მოვიდა და მეუბნებოდნენ, რომ ბევრი შავკანიანი გვყავს. ჟიულენ, უნდა გაიგო, როგორ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენ ჟაკ მედესინის (ნიცას ყოფილი მერი) ქალაქს წარმოვადგენთ და ჩვენი გუნდი არ შეესაბამება იმას, რასაც ხალხი ითხოვს“. მე და კრისტოფს სპორტზე არ გვიკამათია და დიალოგი მხოლოდ რელიგიასა და კანის ფერს შეეხებოდა“, - ნათქვამია „ნიცას“ წარმომადგენლის მიერ კლუბის ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ წერილში.