სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

„რეალი ფრანკოს რეჟიმის კლუბია“ - ესპანეთში ფერგის ძველი ინტერვიუ გაიხსენეს

ორშაბათს, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ე.წ ნეგრეირას საქმეზე პრესკონფერენცია გამართა და „ბლანკოსს“ „რეჟიმის კლუბი“ უწოდა. ლაპორტას განცხადებას მადრიდელები ვიდეოს გავრცელებით გამოეხმაურნენ, რომელშიც ესპანეთის ყოფილი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოსა და „ბარსას“ კავშირზეა საუბარი.

„კამპ ნოუ გახსნა ფრანკოს გენერალურმა მინისტრმა, ხოსე სოლის რუისმა. ბარსამ ფრანკოს ოქროსა და ბრილიანტის სამკერდე ნიშანი გადასცა. ბლაუგრანამ 1965 წელს ფრანკო კლუბის საპატიო წევრად დაასახელა. ფრანკომ კატალონიური გუნდი გაკოტრებას სამჯერ გადაარჩინა. ბარსელონამ ფრანკოსთან ერთად მოიგო 8 ლა ლიგა და 9 გენერალისიმოს თასი. ამის პარალელურად კი მადრიდის რეალს 15 წელი დასჭირდა ლა ლიგის მოსაგებად“, - ნათქვამია ვიდეოში.

„ბლანკოსის“ ვიდეოს კატალონიური მთავრობა უარყოფითად შეხვდა და „სამეფო კლუბს“ მისი წაშლა მოსთხოვა. აღნიშნული მოვლენების პასუხად, Mundo Deportivo-მ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ გაიხსენა, რომელიც 2008 წელსაა ჩაწერილი, და მასში „ფერგი“ „რეალს“ „გენერალ ფრანკოს კლუბად“ მოიხსენიებს.

„რეალს, როგორც გენერალ ფრანკოს კლუბს, აქვს ისტორია, განსაკუთრებით, ესპანეთში დემოკრატიის დამყარებამდე, რომ აკეთებდა, რასაც უნდოდა და იფორმებდა, ვისაც უნდოდა. ეს ახლაც გრძელდება. დიად კლუბებს, როგორიც ბარსელონაა, ბევრად მაღალი მორალური ღირებულებები აქვთ, ვიდრე რეალს ოდესმე ექნება. როცა გაბრიელ ჰაინცე რეალს მივყიდეთ, ვიცოდით, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაშვება მოგვიწევდა, რადგან იგი ჰაინცესთან ძალიან ახლოს იყო. ზუსტად ვიცოდით, მადრიდელები რას აკეთებდნენ. რეალს ჰაინცე, რომელიც მართლა კარგი ფეხბურთელია, არ აინტერესებდა და მათი მიზანი რონალდუ იყო, მის მისაღწევად კი აირჩიეს სტრატეგია, რომ ჯერ კრიშტიანუს მეგობარი გაეფორმებინათ“.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ ჰაინცე 2007 წელს იყიდა და არგენტინელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2009 წლამდე დარჩა. რონალდუს რაც შეეხება, იგი „ბლანკოსის“ ღირსებას 2018 წლამდე იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაუშავს, ცხოვრება გრძელდება“ - მერაბის მხარდაჭერა კვარას
„არაუშავს, ცხოვრება გრძელდება“ - მერაბის მხარდაჭერა კვარას