„იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართო“ - ბადრი კვარაცხელია
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მამამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ბადრი კვარაცხელიამ ხვიჩას კრიტიკოსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ეკლესიაში სიარულის გამო ლანძღავენ.
გთავაზობთ ბადრი კვარაცხელიას კომენტარს უცვლელად:
„ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგ კიდევ ჩვენზე ფიქრობს. დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებსო. არადა, როგორი გასაძლებია, რაც "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ ხდებოდა?! გვირეკავდნენ, მოგონილ ნიუსებს ავრცელებდნენ სათაურებით: "ხვიჩას ბებია გარდაიცვალა", "ტრაგედია ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში" და ა.შ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის. ვერ აიტანეს, რომ უამრავი პრობლემით დამძიმებული ხალხი იმედით აავსო ფეხბურთში მიღწეულმა მცირე წარმატებებმა. ასეთ ხალხს არც მივიჩნევ ქართველებად: თავისი ქვეყნის, თავისიანის წარმატება რომ არ უხარია და ბოღმით ივსება, რაღა ქართველია? სამიზნე მხოლოდ ხვიჩა და ჩემი ოჯახი რომ იყოს, ჩვენ კი მოვითმენთ, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებენ შეურაცხყოფას, იმის გამო გვლანძღავენ, ტაძარში რატომ დადიხართ, ხვიჩა პატრიარქს რატომ ესტუმრაო... თურმე მათ უნდა შევუთანხმოთ, ჩემი შვილი პატრიარქს ესტუმროს თუ არა. ნეტავ ამაზე მეტი საგინებელი არ ჰქონდეს ჩემს ოჯახს, გვარს და სანათესავოს! ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, როცა საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივზე კათოლიკოს-პატრიარქი და თამარ მეფე დახატეს?! თუმცა ჩემი შვილი იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე ავიტანთ“ - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს