„არაუშავს, ცხოვრება გრძელდება“ - მერაბის მხარდაჭერა კვარას
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩის შემდეგ, რომელსაც თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა, Calcionapoli24-ს ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „კვარას“ მხარი სწორედ ახლა უნდა დავუჭიროთ.
„ეს სპორტია და ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ზოგჯერ ცუდი დღე გვაქვს, ზოგჯერ - კარგი. სამწუხაროდ, დღეს ხვიჩასთვის და ნაპოლისთვის ცუდი დღე იყო და პატარა ეპიზოდებს ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ. არაუშავს, ცხოვრება გრძელდება და კვარა ნაპოლისთვის ძალიან ბევრ კარგს გააკეთებს.
როგორც აღვნიშნე, ეს სპორტია და რაც არ უნდა მოხდეს, ხვიჩას მხარი უნდა დავუჭიროთ. მან ყველაფერი სცადა და იდეალური არავინაა. დიად ფეხბურთელებსაც აქვთ ცუდი და კარგი დღეები. ხვიჩა კარგი ბიჭია და მჯერა, მომავალში ყველაფერი უკეთ იქნება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, „კვარამ“ კი 82-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. „პარტენოპეიმ“ წონასწორობა 93-ე წუთზე, ვიქტორ ოსიმენის გოლით აღადგინა და კიდევ ერთი გოლის გასატანად დრო არ ეყო.