ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რაფაელ ლეაუ, დავიდე კალაბრია, სიმონ კიაერი
Aa
Aa

ეგოისტი კვარა, ფორმიდან ამოვარდნილი ოსიმენი - იტალიელი ჟურნალისტები მილანი-ნაპოლიზე

სტეფანო პიოლის „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. „როსონერიმ“ „ნაპოლის“ ბარიერი დაძლია და „პარტენოპეის“ ორი მატჩის ჯამში, 2:1 აჯობა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

უმბერტო კიარელო (რადიო ჟურნალისტი): „გაბრაზებული ვარ. ჩემპიონთა ლიგის იმ ეტაპზე ვიმყოფებით, სადაც განსხვავებას დეტალები ქმნის. პირველ ტაიმში, მილანს სამი მომენტი ჰქონდა და სამივე გამოიყენა. მითხარით, მეორე ნახევარში როსონერიმ ზუსტად რამდენჯერ დაარტყა? დღევანდელ მატჩზე გავლენა მოახდინა ნაპოლის ორი ფეხბურთელის არყოფნამ, რომლებსაც პირველ შეხვედრაში ყვითელი ბარათები არ დაუმსახურებიათ. პლუს ამას, ნაპოლის სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნათ და არბიტრმა მატჩის სცენარი შეცვალა. საბოლოოდ, განსხვავება დეტალებმა შექმნეს, რომლებიც მსაჯებს უკავშირდება. ლეაუს ბრწყინვალე თამაშიც უნდა აღვნიშნოთ და ვთქვათ ისიც, რომ კვარას, რომელიც სერია A-ში დომინირებს, დღეს ჩაეძინა. ძალიან გაბრაზებული ვარ და ვფიქრობ, გაგვძარცვეს. პირველ ტაიმში ლოსანოზე აშკარა პენალტი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებამ თამაშის მიმდინარეობა შეცვალა“.

კარლო ალვინო (ჟურნალისტი და ნაპოლის კომენტატორი): „ასეთ თანაბარ შეხვედრებში განსხვავებას ჩემპიონები ქმნიან, მილანის ჩემპიონები კი მენიო, მარჩინიაკი და კოვაჩი (პირველი და მეორე თამაშის არბიტრები) იყვნენ“.

ჯოვანი სკოტო (Tele A-ს ჟურნალისტი): „ნაპოლის უღიმღამო პერიოდი უდგას, მაგრამ საშინელი მსაჯობაც უნდა აღვნიშნოთ და გუნდს ალბათ, აურელიო დე ლაურენტისის მიერ უეფაზე გაკეთებული განცხადებებიც არაფერში დაეხმარა. ძალიან ცუდია, რადგან მილანი უკეთესი გუნდი ნამდვილად არ ყოფილა“.

ანტონელო პერილო (Rai-ის ჟურნალისტი): „საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე გავიდა გუნდი, რომელიც შედარებით სუსტი, მაგრამ მომენტებში ბევრად მრისხანე იყო და ლეაუ და მენიო ჰყავდა, რომლებმაც განსხვავება შექმნეს. სპალეტიმ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ბოლო კვირების განმავლობაში, მის გუნდს რა სჭირს. რატომ გაფუჭდა გოლების მანქანა და რატომ არიან მეტოქეები კონტრშეტევებზე ასეთი სახიფათო? ნაპოლის ბევრი რამ დააკლდა. კვარაცხელია ზედმეტად ეგოისტურად თამაშობდა, ოსიმენი ფორმიდან ამოვარდნილი იყო, ნდომბელე ანგისასთან ახლოსაც არაა და ლოსანოზე არდანიშნული პენალტიც უნდა აღვნიშნოთ, თუმცა არაფერი ცვლის იმას, რომ მომდევნო ეტაპზე მილანი გავიდა“.

ფაბიო რავეძანი (Telelombardia-ს ჟურნალისტი): „მილანის ისტორიული მიღწევა ვიხილეთ და ვნახეთ, რომ როსონერის ნაპოლის შოკურ დარტყმებთან გამკლავება შეუძლია. დღეს, კიაერი ნამდვილი გიგანტი იყო. საქებარი სიტყვები ეკუთვნის კალაბრიას, რომელმაც კვარაცხელიას წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი აღარაა ის, რაც სეზონის დასაწყისში იყო და უფრო მეტად დრიბლიორი გახდა. პიოლიმ კვარას კარგი გალია მოუწყო და კრუნიჩსა და დიასს სთხოვა, მსხვერპლი გაეღოთ. დადასტურდა ის, რასაც ბოლო კვირებში ვამბობდი და ნაპოლის მთავარი სისუსტე მენტალიტეტია. ამას მატჩის შემდეგ, მსაჯის კრიტიკაც ამტკიცებს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა
„ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის“ - ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა