ხვიჩა გამორჩეული იყო - მილანმა ნაპოლი გამოთიშა და 1/2-ფინალშია
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. „სან სიროზე“ ბენასერის გოლით მოგებული მატჩის გამო შემდეგ ეტაპზე სტეფანო პიოლის გუნდი გავიდა, ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ 2:1 გაიმარჯვა.
უდიდესი ალბათობით ნახევარფინალში „მილანი“ „ინტერს“ შეხვდება. სიმონე ინძაგის გუნდმა პირველი მეოთხედფინალური მატჩში ლისაბონის „ბენფიკა“ სტუმრად დაამარცხა (0:2).
22-ე წუთზე „როსონერის“ ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, ლეაუმ პენალტი გამოიმუშავა, თუმცა ჟირუმ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, მერეტმა აუღო.
37-ე წუთზე „მილანის“ საჯარიმოში ირვინგ ლოსანოს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, VAR-მა პენალტი არ დანიშნა. ამასთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა: „პირველ ტაიმში ლოსანოს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა, ეს არ იყო ბურთზე თამაში, ეს იყო თამაშის წესის დარღვევა. მომენტი VAR-მა ნახა. შეუძლებელია, თამაშის წესის დარღვევა ვერ დაინახო. გამოდის, რომ ამ მომენტის შეფასებისას „მილანის“ წარსულმა იმოქმედა“.
43-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ შეცდომა გამოასწორა, ლეაუს ფანტასტიკური დრიბლინგის შემდეგ ფრანგმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან გაიტანა და ორმატჩიან დაპირისპირებაში „მილანი“ ორი ბურთით დააწინაურა.
მეორე ტაიმში „ნაპოლი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ლუჩანოს სპალეტის ფეხბურთელები შეტევის დაგვირგვინებას ვერ ახერხებდნენ, დასკვნით ფაზაში არაზუსტ დარტყმებს ახორციელებდნენ. მაშინ როცა ვიქტორ ოსიმენმა თამაში ჩააგდო, „ნაპოლის“ მხრიდან ყველაზე აქტიური ხვიჩა კვარაცხელია იყო.
82-ე წუთზე „ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას მენიომ აუღო. მიუხედავად ამისა, მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე ქართველი გარემარბი მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო იყო, „მილანის“ დაცვას ყველაზე მეტი პრობლემა მან შუექმნა.
მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კვარაცხელია-რასპადორი-ოსიმენის კომბინაცია ნიგერიელის გოლით დასრულდა, ორმატჩიანი დაპირისპირება „მილანმა“ ერთბურთიანი უპირატესობით მოიგო (2:1).
ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 9 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. მან ორივე გოლი „აიაქსს“ გაუტანა.