ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ნაპოლი“ „მილანს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
წინა მატჩი
პირველმა დაპირისპირებამ მეტად დაძაბულად ჩაიარა. ძირითადად „ნაპოლი“ აქტიურობდა და „მილანი“ კონტრ-შეტევებზე თამაშობდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს, ისმაილ ბენასერმა ანგარიში გახსნა.
„პარტენოპეი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მაიკ მენიოს ნეაპოლელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა და მატჩი 1:0 დასრულდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კიმ მინ-ჯემ ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებით დაპირისპირებას გამოტოვებს. ასევე, წითელი ბარათით „დასაჩუქრდა“ ანგისა და „მილანთან“ ვერც ის ითამაშებს.
სერია ა
სერია ა-ს გასულ ტურში ორივე გუნდმა ქულები დაკარგა. „ნაპოლიმ“ „ვერონას“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. სასიამოვნო მხოლოდ ის იყო, რომ „პარტენოპეის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა.
რაც შეეხება „მილანს“, „როსონერი“ „ბოლონიას“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში პირველივე წუთზე სანსონემ გახსნა, რასაც მე-40 წუთზე პობეგამ უპასუხა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
დანაკლისი:
როგორც უკვე მოგახსენეთ, „ნაპოლის“ კიმ-მინ ჯე და ანგისა არ ეყოლება. ორივე ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. ტრავმა აქვს ჯოვანი სიმეონესაც. სხვა ყველა მოთამაშე მწყობრშია.
სტეფანო პიოლის განკარგულებაში იბრაჰიმოვიჩი არ იქნება, რადგან ის სეზონის დაწყების წინ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს. ტრავმა აქვს მალიკ ტიაუს და გუნდს ისიც ვერ დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ კვირას ოლივიე ჟირუმ ტკივილის გამო ვერ ივარჯიშა და „როსონერის“ ქომაგები ანერვიულდნენ, თუმცა დღეს იტალიურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ვეტერანი ფრანგი მწყობრშია და „ნაპოლისთან“ სათამაშოდ მზად არის.
რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?
„ნებისმიერი ნუგეში მწარე იქნება. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც პირველ თამაშში. გამოვედით გარკვეული მინუსებით, მაგრამ სინანულის გარეშე. მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი სიტუაციების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის შესრულებით, ხარისხით და ინტენსივობით. გოლის გატანა გუნდური პრინციპის გარეშე რთულია.
პენალტები? ჩვენ ყველაფრისთვის ვემზადებით. გამოცდილების ნაკლებობა? მიმდინარე სეზონში ეს გამოცდილება დავაგროვეთ. ვითამაშეთ უდიდესის სტადიონებზე, სადაც სიმწიფე და ხასიათი გამოვავლინეთ. როდესაც გამოცდილებაზე ვსაუბრობ, კლუბის მნიშვნელობასაც ხაზს ვუსვამ. ჩემი გუნდი, რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. დღევანდელ დღემდე კონკურენციით, ფეხბურთელების შრომით და ქალაქის სიყვარულით მოვედით.
ოსიმენი? ხანდახან ის მცველებთან ერთი ერთზე უნდა დატოვო. „მილანი“ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. პიოლი დიდებული მწვრთნელია, რომელმაც გასულ წელს სერია ა მოიგო. ვფიქრობ, „როსონერი“ თავის ფეხბურთს ითამაშებს. შესაძლოა, ვიქტორს პერსონალური მეურვეც დაუყენონ. არის თუ არა „ნაპოლი“ ისტორიაში? ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყოფნა უკვე მნიშვნელოვანია. ჩემი გუნდი ზედმეტი გამოთვლების გარეშე მოსაგებად ითამაშებს.
ხვალინდელი მატჩი რისკი არ არის. ჩვენ უდიდეს ბედნიერებას ვრისკავთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ნაპოლი“ არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, წინ წასვლა შეგვიძლია. ოსიმენს და ლეაოს ვერ შევადარებ. საუბარი ორ განსხვავებულ და ინდივიდუალურ ფეხბურთელზე გვაქვს. კარგია, რომ ორივე მოთამაშეს შეუძლია თამაში.
რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?
ძალიან გვიხარია, რომ აქ, ამ ეტაპზე ვიმყოფებით და შესანიშნავი მატჩის ჩასატარებლად ვემზადებით. კონტრშეტევებზე თამაში ჩვენთვის დამახასიათებელი სტილია და ვეცდებით, თავი კარგად წარმოვაჩინოთ. იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში იქნება. მინიმალური უპირატესობა გვაქვს ისეთ გუნდთან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 12 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია, ამავდროულად, 3-4 გოლი გააქვთ. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, ბურთი უნდა გავაკონტროლოთ და გუნდურობა ვაჩვენოთ.
პირველ მატჩში, ორივე გუნდს ჰქონდა თავისი შანსები და ვინც ამ შანსებს გამოიყენებს, ის გაიმარჯვებს. „ნაპოლის“ მილანში ჩვენზე უკეთესი სტარტი ჰქონდა, თუმცა საბედნიეროდ ვერ გაგვიტანეს, ხვალინდელ შეხვედრაში ეს გაკვეთილი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ განმეორებითი დაპირისპირება 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.