იმობილე: „სასწაულმა გადაგვარჩინა, ძალიან შემეშინდა“
იტალიურმა გამოცემამ, Il Messagero-მ რომის „ლაციოს“ ფეხბურთელის, ჩირო იმობილეს კომენტარი გაავრცელა, რომელიც რამდენიმე საათის წინ, შვილებთან ერთად, ავტოავარიაში მოყვა. იმობილეს თქმით, ტრამვაიმ წითელზე გაიარა და ის და მისი შვილები სასწაულმა იხსნა.
„არასდროს ვნებდები და არც ამ ინციდენტის შემდეგ დავნებდები, მაგრამ ჩემი გოგონების გამო ძალიან შემეშინდა და სასწაულმა გადაგვარჩინა. ჩვენმა ავტომობილმა ძლიერი დარტყმა მიიღო და რამდენიმე წამის განმავლობაში მხოლოდ ჩემი გოგონების დაცვაზე ვფიქრობდი. ტრამვაიმ წითელზე გაიარა და პატარა მანქანით რომ ვყოფილიყავით, წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდებოდა“.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მატეოტის ხიდზე, პრატისა და ფლამინიოს კვეთაზე მოძრავ ტრამვაის შეეჯახა. შედეგად, ტრამვაი რელსებიდან გადავიდა, მანქანა კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. იმობილეს 10 და 8 წლის ქალიშვილები ავარიას უვნებლად გადაურჩნენ, თავად ფეხბურთელს კი ოფიციალური ინფორმაციით ხერხემალი აქვს დაზიანებული და ერთი ნეკნი მოტეხილი.
იტალიელმა სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყეს. რამდენიმე საათის წინ, ტრამვაის მძღოლის კომენტარიც გავრცელდა, რომელმაც განაცხადა, რომ ავარია იმობილეს მანევრმა გამოიწვია. ჩირომ მას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი ბრალეულობა ნულია.