„ვიცოდი, რომ უარს იტყოდა“ - სანიკიძე კეიტასთან ბრძოლას ჩაეხსნა
OKTAGON MMA-ის ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე სატიტულო ბრძოლას ჩაეხსნა. 29 აპრილს, მათეს ლოსენ კეიტას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა და საჩემპიონო ქამარი დაეცვა, მაგრამ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტრავმა მიიღო, რის გამოც, ოქტაგონზე ვერ გავა.
„განადგურებული და გულგატეხილი ვარ, რადგან 29 აპრილს გასამართ ბრძოლას, რომელზეც ტიტული პირველად უნდა დამეცვა, ჩავეხსენი. ვარჯიშისას მხარი დავიზიანე, რამაც იძულებული გამხადა, ევროპის ყველაზე საინტერესო ბრძოლის გამართვაზე უარი მეთქვა. ცუდი შეგრძნება მაქვს და ვიცი, რომ ჩემი მეტოქეც ამ მდგომარეობაშია, მაგრამ MMA-ში ტრავმები ხშირია და არასდროს იცი, რა მოხდება. როგორც კი გამოვჯანმრთელდები და მზად ვიქნები, ეს ბრძოლა გაიმართება, რადგან ასე უნდა მოხდეს!“ - განაცხადა სანიკიძემ.
ქართველი მებრძოლის ტრავმას კეიტა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა: „OKTAGON MMA-ს 1 თვის განმავლობაში ვთხოვდი, რომ ამ ჩხუბისთვის სარეზერვო მებრძოლი ჰყოლოდა, რადგან ვიცოდი, რომ სანიკიძე ჩემთან ბრძოლაზე უარს იტყოდა. შეხედეთ, ახლა რა ხდება. ის ჩხუბზე უარს ამბობს და ეს სრული სისულელეა“.
ცნობისთვის, კეიტას MMA-ს ეგიდით 10 ბრძოლა აქვს გამართული და ათივე შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა, მათე სანიკიძის ანგარიშზე კი 9 მოგება და 2 მარცხია.