„პოპოვიჩზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - Sports Illustrated-მა მამუს თამაში შეაფასა
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა „სან ანტონიო სპურსის“ ქართველ კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე დაწერა. Sports Illustrated-მა „მამუს“ თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ „სან ანტონიომ“ ქართველი კალათბურთელი არ უნდა გაუშვას.
„ლიგაში, რომელშიც მაღლები უფრო დომინანტები გახდნენ და მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული, სან ანტონიომ აღმოაჩინა ბიჭი, რომელსაც ნდობას უცხადებს. სპურსმა იაკობ პოელტლი ზაკ კოლინსით ჩაანაცვლა და სან ანტონიოში გადასვლის შემდეგ, ზაკმა დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ რა ხდება, როცა კოლინსი არ თამაშობს? მილუოკი ბაქსის ყოფილმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა თავისი სახლი იპოვა.
სან ანტონიომ მამუკელაშვილი მარტში გაიფორმა. კლუბში გატარებული მცირე დროის მიუხედავად, მამუმ გუნდს სტაბილურობა შესძინა და 23 წუთში, საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას აგროვებს. სიმაღლის წყალობით, მამუკელაშვილს სამწამიანიდან ქულების აღება შეუძლია, ხოლო ათლეტურობა საშუალებას აძლევს, რთული ბურთები ჩააგდოს. ბოლომდე ბრძოლამ და ნიჭმა სანდროს თანაგუნდელების პატივისცემა მოუტანა და ამას თავადაც აღნიშნავს: „შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს. ისინი პოზიტიურ ენერგიას მაძლევენ და მენდობიან. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ეს უმნიშვნელოვანესია და ძალიან გეხმარება, როცა ხედავ, რომ თანაგუნდელები გენდობიან და შენი სჯერათ“.
მინესოტას წინააღმდეგ მამუკელაშვილს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, ორმაგი დუბლი მიითვალა და სან ანტონიოს კიდევ ერთი მიზეზი მისცა, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და როგორც ჩანს, გრეგ პოპოვიჩი ამაზე თანახმაა. სპურსს ჰყოლია ევროპელი კალათბურთელები, რომლებიც NBA-ის დიდების დარბაზის წევრები გამხდარან. მამუ ჯერჯერობით ისე ვერ მიდის, რომ ტონი პარკერის ან მანუ ჯინობილის მიღწევა გაიმეოროს, მაგრამ პოპოვიჩზე შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა. მომდევნო სეზონში სპურსს ქართველისთვის ბრძოლაში უპირატესობა ექნება და როგორც ჩანს, ტექსასელები მას არ გაუშვებენ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამოცდილების მიღებასთან ერთად, მისი პოტენციალიც გაიზრდება“, - წერს ამერიკული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს“ მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და კარგი სტატისტიკის გარდა, მაღალი პროცენტიც ჰქონდა. „მამუ“ პარკეტიდან 45 პროცენტით უტევდა.