ორი ოქრო და ერთი ვერცხლი - შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია!
სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ დღეს კიდევ სამი მედალი მოიპოვა.
61 კგ. წონით კატეგორიაში საშეჯიბრო დღის დასკვნით გამოსვლაში საქართველოს სახელით ფიცარნაგზე შოთა მიშველიძე და გოდერძი ბერდელიძე წარდგნენ, ევროპის ჩემპიონობა კი შოთა მიშველიძემ იზეიმა.
29 წლის ძალოსანმა ატაცში 129, 133 და 136 კილოგრამები დაძლია და პირველობა არავის დაუთმო. შესაბამისად, ამ კატეგორიაში ოქროს მედალსაც დაეუფლა.
აკვრაში კი მიშველიძემ პირველ მისვლა გააფუჭა, მომდევნო ორ მისვლაზე კი შეკვეთილი კილოგრამები წარმატებით დაძლია და ამ შემთხვევაში ვერცხლის მედალს დაესაკუთრა. ქართველი ძალოსანი აკვრაში 155 და 162 კილოგრამებს მოერია, ორჭიდის ჯამში კი 298 კგ. დააფიქსირა და მეორე ოქროს მედალიც აიღო.
რაც შეეხება გოდერძი ბერდელიძეს, ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში თავი 122 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.
იგივე საფეხური ერგო აკვრაში დაძლეული 147 და 153 კილოგრამის შემდეგ. ორჭიდის ჯამში კი 175 კგ. დააფიქსირა და აქაც, მე-4 ადგილი დაიკავა.