პირველად ამ სეზონში - კვარა-ოსიმენის დუეტი VS მილანი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „ნაპოლი“ „დიეგო მარადონაზე“ „მილანს“ უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა „როსონერიმ“ 1:0 მოიგო, გამარჯვების გოლი ბენასერის ანგარიშზეა.
მილანში გამართული მატჩისგან განსხვავებით საპასუხო შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენი ითამაშებს, „ნაპოლის“ ცენტრფორვარდმა ტრავმა მოიშუშა, ჰელას „ვერონასთან“ ცვლილებაზე ითამაშა. ამ შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ დააანონსა, რომ „მილანის“ წინააღმდეგ ნიგერიელი სასტარტო 11-ეულში იასპარეზებს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „მილანის“ წინააღმდეგ პირველად ამ სეზონში კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი ითამაშებს. „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში „როსონერისთან“ სამი შეხვედრა გამართა და სამივე დაპირისპირება ოსიმენმა ტრავმის გამო გამოტოვა.
ამ სეზონის სერია ა-ში „მილანი“ შინ „ნაპოლისთან“ დამარცხდა. ამ მატჩში კვარაცხელიამ პენალტი გამოოიმუშავა და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლიმ“ პიოლის გუნდთან საშინაო მატჩი 0:4 დათმო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე პირველ დაპირისპირებას, „მილანმა“ ბენასერის გოლით მოიგო (1:0). ამ სტატისტიკის მიხედვით, ფავორიტი „მილანია“, თუმცა კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტი იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.
მეორეს მხრივ, „ნაპოლის“ კიმ მინ-ჯე ვერ დაეხმარება, ყვითელი ბარათები დაუგროვა და დისკვალიფიცირებულია.
Goal.com-ი „ნაპოლი“ - „მილანის“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს ასახელებს.
„ნაპოლი“: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟეზუსი, რუი, ელმასი, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია
„მილანი“: მენიო, კალაბრია, კიაერი, ტუმორი, ტეო ერნანდესი, კრუნიჩი, ტონალი, ბრაჰიმ დიასი, ბენასერი, ლეაუ, ჟირუ
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ - „მილანის“ საპასუხო საფეხბურთო დაპირისპირება 18 აპრილს „დიეგო მარადონაზე“ გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.