კახი კახიაშვილი - დასაწყისიდან ოლიმპიურ დიდებამდე
ხანგრძლივი კარიერით, კახიაშვილი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ძალოსანია, რომელმაც ზედიზედ სამი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი გახდა.
ევროპის ძალონობის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
ჟურნალისტი: შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი ადრეული წლების შესახებ და რამ გამოიწვია ინტერესი ძალოსნობის მიმართ?
კახი: „ბევრ რამეში გამოვცადე თავი, ვიყავი ტანმოვარჯიშე, მოჭადრაკე, ფეხბურთელი. შემდეგ ფეხბურთის თამაშის დროს ფეხი მოვიტეხე და დავრჩი თამაშგარე მდგომარეობაში. 1981 წელს, როდესაც 12 წლის ასაკში ძალოსნობაზე სიარული დავიწყე, ჩემს ოჯახში არავის უნდოდა სპორტის ეს სახეობა და მათ შორის მეც არ ვიყავი გამონაკლისი. ძალოსნობაზე ჩემმა მეზობელმა, ვანო გრიქუროვმა მიმიწვია, რომელიც კრივის მწვრთნელი მეგონა. გამიხარდა, ვიფიქრე ჩხუბს ვისწავლი და თანაკლასელებისგან თავის დავიცავ თქო. როდესაც დარბაზში შტანგის ინვენტარი დავინახე, გამიკვირდა. ვიფიქრე აქ რა მინდა თქო. მეგონა შტანგა საერთო ფიზ. მომზადებაა და შემდეგ კრივის დარბაზში გადავინაცვლებდი. თუმცა ჩემი მწვრთნელის, ვანო გრიქუროვის დამსახურებით 42 წელია ძალოსნობაში ვარ. სწორედ ამ დიდმა მწვრთნელმა შემაყვარა ეს სახეობა რაც დღემდე მომყვება. ვხედავდი შედეგის სწრაფ ზრდა, რაც დღითი-დღე ციფრებში და კილოგრამებში აისახებოდა. ვანომ თავიდანვე დასახა დიდი, ოლიმპიური გეგმები და ამ გეგმებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გულმოდგინედ მივყვებოდით“.
ჟურნალისტი: შენ იყავი შენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძალოსანი და რა თქმა უნდა, ვარჯიშის რეჟიმმა გადამწყვეტი როლი ითამაშა შენს წარმატებაში. შეგიძლიათ აღწეროთ, როგორ გამოიყურებოდა თქვენთვის ტიპიური ვარჯიშის დღე ან კვირა და როგორ განსხვავდებოდა ის ვარჯიშის პროგრამებისგან, რომლებსაც ძალოსნები დღეს მისდევენ? როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ვარჯიშისადმი „ძველი სკოლის“ მიდგომას და რა რჩევას მისცემდით ძალოსნებს, რომლებიც ცდილობენ ვარჯიშის რეჟიმის ოპტიმიზაციას?
კახი: „გაგიკვირდებათ და 30 წლის განმავლობაში, პირველიდან ბოლო დღემდე ყველა ვარჯიში ჩაწერილი მაქვს. შედეგის მიღწევის გზაზე უდიდესი და გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს პირველ რიგში კვალიფიცირებულ, პროფესიონალ მწვრთნელს, ფიზიკურ და ტექნიკურ მონაცემებს, შრომისმოყვარეობას, სახელმწიფოს ხელშეწყობას და საბოლოო ჯამში სპორტულ იღბალს. მე ყველა პუნქტის ასპექტში გამიმართლა. დაღლა ჩემთვის უცხო იყო, მყავდა უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, საბჭოთა კავშირში და ჩემს სამშობლოში, საქართველოში უყვართ სპორტი, ასევე სპორტული იღბალიც მეტწილად ჩემს მხარეს იყო. მნიშვნელოვანი ფაქტორია რეჟიმის დაცვა, რასაც იმ დროს დიდი როლი ენიჭებოდა. საქართველოში სპორტისადმი მოპყრობა ფაქტობრივად ერთნაირი იყო მაშინაც და ახლაც. თუმცა, საბჭოთა კავშირში სპორტული კეთილდღეობა პროპაგანდის ნაწილი იყო. ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელია მთავარი პირობა, რაც შრომისმოყვარეობას და საქმისადმი სიყვარულს გულისხმობს. შრომა არ იკარგება“.
ჟურნალისტი: ზედიზედ სამი ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება საოცარი მიღწევაა, რომელიც ძალიან ცოტა სპორტსმენმა შეძლო. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ის ემოციები, რაც იმ წუთებში განიცადეთ და რა გიტრიალებდათ გონებაში, როდესაც თქვენი ეროვნული ჰიმნი გესმოდათ? როგორ მოემზადეთ იმ ოლიმპიური თამაშებისთვის და როგორი იყო თქვენი ვარჯიში და გონებრივი მომზადება იმ მომენტამდე?
კახი: „დაუვიწყარი და განსხვავებული გრძნობებია, რომელიც წლების მიუხედავად დღესაც ცხადად მახსენდება. სწორი დაგეგმარების და შრომის შედეგად, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო ხდები არაჩვეულებრივი, განსხვავებული და სიამაყით სავსე გრძნობაა. ფიქრი იმაზე, რომ ჩვენს ეს შევძელით და ყველას ვაჯობეთ... ამ გრძნობას ვერაფერს შეადარებ. ახლა რომ თავიდან დავიწყო სპორტული კარიერა, ისევ იმ გზას გავივლიდი, გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლოა უფრო დახვეწილად, მაგრამ მაინც იმავეს გავაკეთებდი“.
ჟურნალისტი: წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში დაბრკოლებების გადალახვას და რთულ პერიოდებში მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. შეგიძლიათ გვითხრათ თქვენი კარიერის რამდენიმე მომენტის შესახებ, როდესაც საკუთარ თავში ეჭვი გეპარებოდათ ან გინდოდათ დანებება და როგორ დაძლიეთ ეს გრძნობები? როგორ მოახერხეთ გამარჯვებისთვის ზუსტად საჭირო წონის აწევა?
კახი: „მთავარი სიმძიმე, რომელიც უნდა დაძლიო საკუთარი თავის რწმენაა. ჩემი მწვრთნელი მასწავლიდა, რომ ვერავინ მოგიგებს მანამ, სანამ თავად არ დანებდებიო. ნამდვილად არსებობს ისეთი მომენტები თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში, როდესაც შეიძლება დანებდე. მსგავსი რამ მეც დამმართვია, როდესაც დანებებას ვაპირებდი. ეს 17-18 წლის ასაკში მოხდა, მაგრამ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გვერდში დგომამ, ასევე მწვრთნელის პროფესიონალიზმმა დამაძლევინა იმ მომენტის ფსიქოლოგიური სისუსტე“.
ჟურნალისტი: ვიცით, რომ თავიდან საქართველოს სახელით გამოდიოდით, შემდეგ კი საბერძნეთში გადახვედით. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ისტორია ამ გადაწყვეტილების შესახებ? როგორ განიცდიდით სამშობლოს დატოვებას და რა გამოწვევების წინაშე დადექით საბერძნეთის ახალ კულტურასა და ცხოვრების წესთან ადაპტაციისას? თუ გადავხედავთ ამ გამოცდილებას, რა იყო ამ მოგზაურობის ამაღლებისა და ვარდნის ნაწილი და როგორ ჩამოყალიბდა ის პიროვნება, რომელიც დღეს ხართ?
კახი: „სამოქალაქო ომი, ომი მეზობელ რუსეთთან, ქვეყნის დაშლა და ახლის არ ან ვერ აწყობა. ჩვენი ქვეყნის მიმართ შიდა და გარე ფაქტორის პრობლემები. ყველაფერმა ამან სპორტის ძალიან დაბალ დონეზე დაცემა გამოიწვია. ბარსელონას ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ, როდესაც საქართველოში დავბრუნდი ჩემი შედეგები რეგრესირებდა. პირობების არქონისა და ქვეყანაში არსებული სიდუხჭირის გამო ვარჯიშის სრულფასოვნად წარმართვა სულ უფრო და უფრო პრობლემური ხდებოდა. დავიწყე ტრავმების მიღება, შეჯიბრებების წაგება. ამ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოთავაზებებიც მივიღე, თუმცა ვერსად მივდიოდი მანამ, სანამ ყველა მეგობარმა და სანათესავომ არ მირჩია წასვლა, განსაკუთრებით კი სანამ ჩემმა პაპამ არ მითხრა წადი შვილო, თავსაც მიხედე და ჩვენს გვიშველეო. ასე აღმოვჩნდი ჩემს მეორე სამშობლოში, საბერძნეთში, სადაც არანაკლები შემართებით გავაგრძელე დიდ ფიცარნაგზე ასპარეზობა. ჩემი წასვლით ბევრი შევძინე საბერძნეთსაც და საქართველოსაც. მედლები მომქონდა ელადისთვის და საქართველოში ეროვნულ ჩემპიონატებს ვატარებდი. ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენებს სტიპენდიებს ვაძლევდი და სპორტული ინვენტარით ვეხმარებოდი. სხვათაშორის ფსიქოლოგიურად მარტივი არაა სხვა ქვეყანაში გადასვლა. გამიჭირდა ჩვეული გარემოდან, მეგობრებისგან და ოჯახიდან მოწყვეტა, მაგრამ საბერძნეთმა მიმიღო. ჩემს გამარჯვებას ჩემი ორივე სამშობლო ერთად ზეიმობდა“.
ჟურნალისტი: ძალოსნობის კარიერის განმავლობაში, თქვენ მიაღწიეთ ბევრ წარმოუდგენელ წარმატებას, რომლებიც აღინიშნა და აღიარებული იყო გულშემატკივრების მიერ მთელ მსოფლიოში. თუმცა, არის რაიმე კონკრეტული მომენტი ან მოგონება, რომელიც თქვენთვის გამორჩეულია, მაგრამ ხალხმა შეიძლება არ იცოდეს? შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ მომენტის ისტორია, რა ემოციები განიცადეთ და რატომ იყო ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი? და ბოლოს, როგორ ჩამოაყალიბა ამ მომენტმა თქვენი პერსპექტივა ცხოვრებაზე და როგორ იმოქმედა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს ხართ?
კახი: „პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ბარსელონის ოლიმპიური მედლის მოხსნა მკერდიდან საერთოდ არ მინდოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე ეს აღმოჩნდა აბსოლუტური შედეგი ყველა დროისა და ყველა წონითი კატეგორიისა - საკუთარ წონაზე 146 კილოგრამით მეტი. ეს რეკორდი დღემდე არაა მოხსნილი და აღემატება შედეგებს, რომელიც ჰქონდათ იური ვარდანიანს, ნაიმ სულეიმანოღლუს, იური ზახარევიჩს, ანატოლი ხრაპატისა, ნიკუ ვლადს და ასე შემდეგ. ბარსელონას მედალი კიდევ იმითაა განსაკუთრებული, რომ მის მოსაპოვებლად ბრძოლა სამწვრთნელო შტაბთანაც დამჭირდა. დსთ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვასილ ალექსეევი შეგნებულად მამუხრუჭებდა. გუნდის ჩასათვლელი ქულებისთვის მის მიერ შეკვეთილი 5 წონა შევასრულე, მეორე ადგილი გავინაღდე და ოქროს მედლისთვის 12,5 კილოგრამს ვაგებდი. ჩემს მწვრთნელს ვთხოვე ამ წონაზე მივეშვი და ისიც დამთანხმდა. მითხრა, ახლა უკვე რაც გინდა ის გააკეთეო. სავარაუდოდ ნებართვა მხოლოდ იმიტომ მომცა, რომ ეგონა კილოგრამებში ამხელა სხვაობას ვერ დავძლევდი, მით უმეტესს რომ ოლიმპიურ რეკორდზე 7 კილოთი მეტი უნდა დამეძლია. ჩემს ზურგს უკან იყო ცინიკური საუბრები, მუხლებამდეც ვერ ამოწევსო. შევუკვეთე მოსაგები წონა, რომელიც მუხლამდეც ავწიე, თავს ზემოთაც ავკარი და დავაფიქსირე. გავიმარჯვე, ოლიმპიურ ოქროს დავეუფლე. იყო დიდი სიხარული, რომელიც მთელმა საქართველომ და ჩემმა მშობლიურმა ცხინვალმა ერთად იზეიმა“.
ჟურნალისტი: ამჟამად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხართ. შეგიძლიათ გვითხრათ, რას აკეთებთ საქართველოში ძალოსნობის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის? როგორი გრძნობაა სპორტში დაბრუნება, რომელმაც ამდენი რამ მოგცათ და რისი იმედი გაქვთ ფედერაციასთან თანამშრომლობით?
კახი: „2015 წლიდან დღემდე ვხელმძღვანელობ საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ჩავიბარე დოპინგ პრობლემებით, მინუს 4 სპორტსმენით და მინუს 100 ათასი დოლარით. ჩავუდექი ფედერაციას, რომელსაც ემუქრებოდა დისკვალიფიკაცია. ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ მე-5 წელია ევროპაში ვართ საუკეთესო ფედერაცია, მსოფლიო ჩემპიონატებზე წლების განმავლობაში მეორე ვართ, ასეთივე შედეგი გვაქვს ოლიმპიურ თამაშებზეც. ქვეყნის მასშტაბით გავხსენით 40 ახალი დარბაზი, რომელიც იმაზე 10 ჯერ მეტია რაც ჩავიბარე. ასევე 10 ჯერ გაიზარდა სპორტსმენთა რაოდენობა. შეიცვალა და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და ინვენტარი.
ქვეყანამ უმასპინძლა სამ საერთაშორისო დიდ ჩემპიონატს, რომელსაც სპეციალისტების მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა და დღევანდელმა საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო ურსომ 2019 წელს ბათუმში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს მომავლის ჩემპიონატი უწოდა. გვყავს 3 გზის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ძალოსნებს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული აქვთ 400 - მდე მედალი.
7 წელიწადში რაც ხელმძღვანელი ვარ საქართველოში ხუთჯერ გვაღიარეს საუკეთესო ფედერაციად, მე 3 ჯერ დამასახელეს საუკეთესო მენეჯერად, ბოლო წლებში საუკეთესოდ სახელდებიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სპორტსმენი, ლიდერთა შორის არიან როგორც ახალგაზრდა, ისე ქალთა თუ ვაჟთა წარმომადგენლები. ვფიქრობ ეს ციფრები და ტიტულები თავის თავზე საუბრობენ. მიზანი? მინდა მსოფლიოშიც საუკეთესოები ვიყოთ“.
ჟურნალისტი: სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, თქვენ, როგორც მეღვინე, ახალი ეტაპი დაიწყეთ ცხოვრებაში. შეგიძლიათ გვითხრათ ამ ყველაფრის შესახებ და როგორ გაგიჩნდათ ინტერესი მეღვინეობის მიმართ? რამ მიგიზიდათ ამ ინდუსტრიაში და როგორ ისწავლეთ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები?
კახი:„ღვინო ბიზნესი არ არის, ეს მოყვარულის პროექტია და გამიზნულია სამეგობროსა და ჩვენი სფეროს წარმომაგდენლებს შევთავაზო ღვინის სამშობლოს, საქართველოს ტრადიციული ღვინის ასორტიმენტი. ერევანშიც შემოგთავაზებთ დეგუსტაციას“.
ჟურნალისტი: როგორც ადამიანი, რომელმაც სპორტში, კონკრეტულად კი ძალოსნობაში რამდენ რამეს მიაღწია, რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც სიდიადისკენ მიისწრაფვიან? რა გაკვეთილები ისწავლეთ თქვენი კარიერის განმავლობაში, რომლის ცოდნაც, თქვენი აზრით, ღირებული იქნებოდა ახალგაზრდა ძალოსნებისთვის?
კახი: „შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული. ეს ორი კომპონენტი არის გზა დიდი მიზნისკენ. არ დანებდეთ, აჯობეთ საკუთარ თავს და შრომა შედეგს გამოიღებს!“
თავისუფალი კომენტარი
კახი: „გაერთიანებული ევროპა და მსოფლიო უფრო მეტ შედეგს დადებს ძალოსნობის საკეთილღეოდ,. მე ამ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი უკვე შევიტანე. საოკუპაციო ხაზთან, სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებულ საზღვართან 1 კილომეტრში ძალოსნობის დარბაზი გავხსენი და ვცდილობ სპორტულ აქტივობასთან ერთად ხაზს იქითა და ხაზს აქეთა ბავშვების დამეგობრებას ხელი შევუწყო. ვეძებოთ ერთმანეთში პროფესიონალიზმი. დადებითი იმპულსები, დადებითი საერთო ენა და არა პრობლემები. ვეძებოთ და გავაძლიეროთ“.