უფასო ლუდი 13 000 ადამიანს - ზვოლეს კაპიტნის საინტერესო ინიციატივა
„ზვოლეს“ კაპიტანმა ბრამ ვან პოლენმა 37 წლის ასაკში კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა. ეს მისი მე-17 სეზონი იქნება. 17 წელი ერთ კლუბში ეს უკვე დიდი მოვლენაა, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა ეს ამბავი კიდევ უფრო ლეგენდარული გახადა.
პოლენმა ახალ ხელშეკრულებაში მოითხოვა მეტად საინტერესო პუნქტი. მომავალი სეზონიდან, იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც წლიური აბონემენტი აქვთ ნაყიდი, ყველა საშინაო მატჩზე „ზვოლე“ უფასო ლუდით გაუმასპინძლდება. აღსანიშნავია, რომ „ზვოლეს“ სტადიონი დაახლოებით 13 000 ადამიანს იტევს და ხშირად ხდება ანშლაგი.
ბრამ ვან პოლენი:
„მე შემიძლია მთლიანი ისტორია მოგიყვეთ, თუ რატომ გავახანგრძლივე კონტრაქტი, მაგრამ ამდენ დროს არავინ დამითმობთ. ამიტომ გეტყვით, რომ „ზვოლე“ ჩემთვის საუკეთესო კლუბია. მინდოდა ახალ კონტრაქტში რაიმე განსაკუთრებული პუნქტი ჩამედო და მგონი უფასო ლუდი ცუდი არ არის. ყველას გვინდა, რომ სულ მალე ერედივიზიონში გადავიდეთ და იმედი მაქვს, მომავალ წელს ასეც იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების მეორე ლიგაში 33 ტურის შემდეგ, „ზვოლე“ 75 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორე ადგილზე მყოფ „ჰერაკლესს“ 5 ქულით უსწრებს. დიდი ალბათობით კაპიტანს თავისი სურვილი აუხდება.