ტუხელი მანესა და სანეს ინციდენტზე: „ყველაფერი მოგვარებულია“
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ლეროი სანესა და სადიო მანეს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი აღმოფხვრილია და ყველაფერი მოგვარებულია.
„ყველაფერი მოვაგვარეთ და 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფინანსური ჯარიმა ამის შედეგია. პირადად მე, არაფერი დამინახავს, რადგან სამწვრთნელო ოთახში ვიყავი, მაგრამ ინციდენტის მონაწილე ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს მაშინვე დაველაპარაკე. მომხდარის გამო, საჭირო იყო, ყველაფერი მომდევნო ვარჯიშამდე გაგვერკვია. გუშინ საღამოს სწორედ ეს გავაკეთეთ და პოზიტიურად მუშაობას ვაგრძელებთ.
მანეს რაც შეეხება, პირველი ვიქნები, ვინც მას დაიცავს. სადიოს დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილი პროფესიონალია. მან გაანალიზა, რომ მისი ქმედება ქცევის კოდექსიდან ამოვარდნილი იყო და ბოდიში მოიხადა. მის გვერდით სწორედ ამიტომ ვდგავარ და როგორც მისთვის, ისე სხვა ფეხბურთელებისთვის, საჭირო, იყო, ვარჯიშზე სწრაფად დაბრუნებულიყო.
ბაიერნში ღია, მეგობრული და თბილი ატმოსფეროა. ესაა კლუბი, რომელიც პროფესიონალიზმის მაღალი დონით, მშვიდი გარემოთი და ურთიერთგაგებით გამოირჩევა. კარგი იქნებოდა, მომხდარი გასახდელში დარჩენილიყო, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს. სადიოც შეცდა, მაგრამ ის და სანე ინციდენტის შემდეგ სამაგალითოდ მოიქცნენ და ყველაფერი მოგვარებულია“.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ მომდევნო შეხვედრა „ჰოფენჰაიმთან“ ელის და მატჩს მანეს გარეშე ჩაატარებს. სენეგალელი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმით დასაჯეს.