მბაპემ უპამეკანოს მხარი დაუჭირა: „დავიღალეთ! მოქმედების დროა!“
„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ „ბაიერნის“ მცველს, დაიო უპამეკანოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ფრანგ ფეხბურთელს „სიტისთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფები მიაყენეს და კილიანმა განაცხადა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია.
„ეს სრული სისულელეა და საჭიროა, გულშემატკივრებმა ამას თავი დაანებონ. 2023 წელია! ვფიქრობ, მომხდარის განსჯა და თქმა, რომ ეს ნორმალური არაა და ყოვლად მიუღებელია, საკმარისი აღარაა. მოქმედების დროა! აუცილებელია რაღაც გავაკეთოთ!
ეს პირველი შემთხვევა არაა და რამდენიმე დღის წინ, იგივე რომელუ ლუკაკუსთან და უამრავ არც თუ ისე ცნობილ ფეხბურთელთან მიმართებით ვნახეთ. პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და ადამიანების მხრიდან, ასეთი რეაქცია ძალიან საწყენია. ამით დავიღალეთ და დროა, რაღაც შევცვალოთ“.
შეგახსენებთ, რომ უპამეკანომ „სიტისთან“ ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის შემდეგ, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფები სოციალურ ქსელებში მიიღო.