რუსი მთავარი მწვრთნელი: „კვარა უკვე შეისწავლეს და იციან, რას გააკეთებს“
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი გლადილინმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გლადილინმა ინტერვიუ Gazeta-ს მისცა და ახსნა, „კვარას“ შედეგიანობამ რატომ იკლო.
„ხვიჩა უკვე შეისწავლეს. მარცხნივ გაკეთებული ფინტი და მოძრაობის მარჯვნივ გაგრძელება ყველასთვის გასაგები გახდა. ხვიჩა გამოცანა იყო, ახლა კი არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს აღარ იღებს. ასევე, მას დახმარება სჭირდება და ყველაფრის მარტო გაკეთება ძალიან უჭირს“.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „მილანის“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 18 აპრილსაა ჩანიშნული და მას დიეგო მარადონას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
„მილანთან“ დაპირისპირებამდე, „ნაპოლის“ სერია A-ში გასამართი შეხვედრა ელის და 15 აპრილს, საკუთარ კედლებში „ვერონას“ მიიღებს. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 22 ქულით მე-18 ადგილზეა.