NBA, ჩიკაგო ბულზი, ოკლაჰომა
Aa
Aa

NBA: ოკლაჰომა და ჩიკაგო პლეი ინის ფინალში არიან

გამთენიას, NBA-ში პლეი ინის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. დღის პირველ მატჩში „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულზს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 4 ქულის სხვაობით - 105:109 დამარცხდა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 28:23 მოიგეს, მეორე მეოთხედში კი მეტოქეს 6 ქულით აჯობეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 58:47.

მესამე მეოთხედში ძირითადად ტოლ-სწორი ბრძოლა ვიხილეთ და პერიოდის ბოლოს „რეპტორსი“ 9 ქულის სხვაობით იგებდა, გადამწყვეტი კი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც თავიდან-ბოლომდე ჩიკაგოელების კარნახით წარიმართა. „ბულზსმა“ დასკვნითი პერიოდი 13 ქულის სხვაობით მოიგო, 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 4 ქულის სხვაობით, 109:105 გაიმარჯვა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ბულზის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაკ ლივაინი გახდა, რომელმაც მეტოქეს 39 ქულა ჩაუგდო, ასევე, 6-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 1 ჩაჭრაც მიაყოლა.

შედეგად, ჩიკაგომ პლეი ინის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „მაიამი ჰიტს“ შეხვდება, „რეპტორსისთვის“ კი NBA-ს მიმდინარე სეზონი დასრულდა.

დღის მეორე მატჩში „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ საკუთარ მოედანზე „ოკლაჰომა სიტი თანდერს“ დაუპირისპირდა და ასევე დაძაბულ ბრძოლაში, 5-ქულიანი სხვაობით - 118:123 დამარცხდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელშიც ლიდერის სტატუსი მრავალჯერ შეიცვალა. სანახაობრივი პირველი მეოთხედი სტუმრებმა 3-ქულიანი სხვაობით, 29:32 მოიგეს, მეორე მეოთხედი კი „პელიკანსის“ უპირატესობით წარიმართა და 9-ქულიანი გამარჯვებით, 34:25 დასრულდა. მასპინძლები შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 63:57.

შეხვედრაში მატჩის ბედი დიდწილად მესამე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც „თანდერმა“ საუცხოოდ ჩაატარა. ოკლაჰომამ მეოთხედი 15-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და დასკვნით მეოთხედს 9-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ - 87:96. დასკვნით მეოთხედში მასპინძლების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ლიდერის სტატუსი აღარ შეცვლილა. „პელიკანსი“ პერიოდის მიმდინარეობისას 2 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა ბოლო 2 წუთი „თანდერმა“ დამაჯერებლად ჩაატარა გამარჯვებაც მას დარჩა.

მატჩის MVP ოკლაჰომელთა ლიდერი შაი გილგეუ-ალექსანდერი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 41:26 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა. გამორჩეული იყო ჯოშ გიდიც, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 31 ქულა, 9 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ბლოკი 42:19 წუთში.

პლეი ინის ფინალში ოკლაჰომას მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ იქნება, რომელიც პირველ ეტაპზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ დამარცხდა, „პელიკანსი“ კი გათამაშებას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი მოულოდნელობა | მაიამიმ საკუთარ კედლებში ატლანტასთან წააგო
დიდი მოულოდნელობა | მაიამიმ საკუთარ კედლებში ატლანტასთან წააგო