ბენზემას და ასენსიოს რეკორდი - რეალმა ჩელსის შანსი არ დაუტოვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და უშანსოდ 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის 59-ე წუთიდან ლონდონელები 10 კაცით დარჩნენ. მსაჯმა მინდვრიდან ბენ ჩილუელი გააძევა.
მატჩი აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და ჟოაუ ფელიქსს კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ტიბო კურტუამ არ გაატანინა. ამის შემდეგ, მადრიდელთა ჯერი დადგა და ლამპარდის ბიჭებს წნეხში აქცევდნენ.
„ჩელსის“ აბსოლუტურად არაფერი გამოსდიოდა და 22-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა. ამ გოლის შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეძლო გოლის გატანა.
კარიმის გოლის შემდეგ, „არისტოკრატებს“ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე კვლავ ტიბო კურტუა მოგვევლინა. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეიცვალა. ჩილუელის გაძევების შემდეგ კი ყველა კომპონენტში უკეთესი „ბლანკოსი“ იყო.
ცვლილებაზე გამოსულმა მარკო ასენსიომ 74-ე წუთზე გაისროლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ გოლით კი ესპანელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. ის გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ცვლილებაზე გამოსვლიდან ყველაზე მეტი 9 გოლი დაუგროვდა.
9 - Marco Asensio has scored nine goals as a substitute in the Champions League, two more than any other player in Champions League history. Impact. pic.twitter.com/CUxSvYlNBq
— OptaJose (@OptaJose) April 12, 2023
კარლო ანჩელოტის გუნდს კიდევ ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, მაგრამ მატჩში მეტი გოლი აღარ გავიდა და შეხვედრა 2:0 დასრულდა. ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა