„რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შემეშინდებოდა?“ - ძამბროტა კვარაზე და ლეაუზე
„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ „როსონერისა" და „ნაპოლის" მარცხენა გარემარბებზე, რაფაელ ლეაუზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ძამბროტას ინტერვიუ The Sun-მა გაავრცელა და ჯანლუკას ჰკითხეს, აქტიური ფეხბურთელი რომ იყოს, რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შეეშინდებოდა.
„კვარასა და ლეაუს შორის, რომლის წინააღმდეგ თამაშის უფრო შემეშინდებოდა? ორივესი! ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქეებზე მიდიან, ცდილობენ, ისინი ჩამოიშორონ და რიცხობრივი უპირატესობა შექმნან. კვარა და ლეაუ ტექნიკური მოთამაშეები არიან და გოლების გატანის გარდა, საგოლე გადაცემებს აკეთებენ და თავიანთი გუნდებისთვის საკვანძო ფეხბურთელებს წარმოადგენენ. მათ მატჩების გადაწყვეტა და სახიფათო მომენტების შექმნა შეუძლიათ. ორივე მათგანი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.
კვარაცხელიასა და ლეაუს აქვთ უნარი, ნებისმიერი მიმართულებით წავიდნენ. ზოგჯერ, ისინი ცენტრისკენ შედიან, ზოგჯერ - ფლანგზე აგრძელებენ იერიშს. ორივე მათგანი არაპროგნოზირებადია და არასდროს იცი, საით წავლენ. აუცილებელია, მათ თავისუფალი სივრცე არ მისცე და მაქსიმალურად ახლოს იყო. ეს უმთავრესია და ამასთან, საჭიროა, თანაგუნდელი გყავდეს, რომელიც ორმაგ მეურვეობაში დაგეხმარება. იტალიურ ფეხბურთში ერთი-ერთზე თამაში უმნიშვნელოვანესია და როცა ასეთი ფეხბურთელები გყავს, მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნი“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ეგიდით, „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილსაა ჩანიშნული.