ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენის ტრანსფერზე გამოძიება გრძელდება | ბოლო ცნობები იტალიიდან

იტალიური ფინანსური პოლიცია „ნაპოლის“ მხრიდან, კაპიტალური შემოსავლების გაყალბების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს აქტიურად იკვლევს. იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს ინფორმაციით, დღეს, სამართალდამცველები სერია C-ში მოასპარეზე კლუბის, „ტურისის“ შტაბ-ბინაში შევიდნენ და ორი დოკუმენტი ამოიღეს, რომლებსაც ოსიმენის გარიგებასთან აქვთ კავშირი.

როგორც ირკვევა, ზემოთ ხსენებული დოკუმენტები კლაუდიო მანცის გაყიდვისა და გაფორმების დამადასტურებელი ხელშეკრულებებია. მანცი ერთ-ერთია იმ 4 ფეხბურთელიდან, რომლებიც „პარტენოპეიმ“ ოსიმენის ტრანსფერში ჩართო და „ლილს“ დაუთმო. La Reppublica-ს მიხედვით, „ნაპოლის“ ფინანსურ ანგარიშში ასახულია, რომ მანცის ფასი 4 მილიონი ევრო იყო.

მანცის საფრანგეთში ფეხი არ დაუდგამს. ოსიმენის გარიგების დახურვისთანავე, იგი „ფერმანაში“ გაანათხოვრეს, 11 თვის შემდეგ კი „ლილმა“ გუნდიდან გარიცხა. თავისუფალი აგენტის სტატუსით დარჩენილი ფეხბურთელი „ტურისს“ შეუერთდა, 2023 წლის იანვარში კი „ვირტუს ენტელამ“ მის სანაცვლოდ 120 000 ევრო გადაიხადა. სამართალდამცველებს ეჭვს სწორედ ეს ფაქტი უჩენს, რადგან 120 000-სა და 4 მილიონს შორის დიდი სხვაობაა და ისინი თვლიან, რომ „ნაპოლიმ“ მისი ფასი ხელოვნურად გაბერა.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელის ტრანსფერში 4 ნაკლებად ცნობილი მოთამაშე იყო ჩართული: ორესტის კარნეზისი (4.8 მილიონი ევრო), კლაუდიო მანცი (4 მილიონი ევრო), ჩირო პალმიერი (7 მილიონი ევრო) და ლუიჯი ლიგიორი (4 მილიონი ევრო). ამ მოთამაშეებიდან საფრანგეთში არც ერთი ჩასულა და „ლილის“ მაისური არ მოურგია, ფრანგული კლუბიდან კი ყველა თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. პოლიციის ვარაუდით, კლუბების მიზანი იყო, თანხის ნაწილი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერებისთვის მიეწერათ, რათა ფინანსურ ფეარ პლეიში მათი ასახვა არ მომხდარიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ  UFC იცავს“
დვალიშვილი: „ომალისთან ჩხუბი მინდა, მაგრამ UFC იცავს“