გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, The Athletic-ი „ნაპოლის“ შესახებ წერს და დეტალურად განილავს „პარტენოპეის“ მიერ ბოლო პერიოდში განვლილ გზას.
„კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი: როგორ ააგო ნაპოლიმ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი“ - ამ სათაურით იწყება ჟურნალისტ ჯეიმს ჰორნკასლის მიერ მომზადებული სტატია.
ATHLETIC.COM:
ფეხბურთში, ყველაზე გრანდიოზული დიზაინიც კი შეიცავს იმპროვიზაციის ელემენტებს. სპორტული დირექტორები სასურველი ფეხბურთელების სიას ადგენენ, თუმცა მათ გადმოყვანას უმეტეს შემთხვევაში ვერ ახერხებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ „ნაპოლია“.
კლუბის სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის ხელმძღვანელობის მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა, რომ ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა გადაეხადა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნორვეგიელი „ზალცბურგში“ თამაშობდა. თუმცა, მოთამაშემ ნეაპოლის მაგივრად, დორტმუნდის ბორუსიაში წასვლა აირჩია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზად იყო „ნაპოლიში“ გადასასვლელად, როდესაც გუნდს პსჟ-დან მისი ძველი მეგობარი, კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. ზლატანი ამბობდა, რომ ყოველ სათამაშო კვირას 80 ათასამდე გულშემატკივარს მოიძიებდა და მარადონას მსგავსად ტიტულებს მოიგებდა. მას ნეაპოლის ყურეში მდგარ გემზე უნდოდა ცხოვრება. როდესაც „ნაპოლიმ“ ანჩელოტი გაათავისუფლა, მან კლუბში გადასვლა გადაიფიქრა და თქვა, რომ იდეის მიმართ რწმენა დაკარგა, რადგან გუნდში არსებული სიტუაცია არასტაბილურად მიაჩნდა. აქედან რამდენიმე თვეში, მან „მილანისთვის“ დაიწყო მეორედ შეტევა.
ჩნდება კითხვა, რა მოხდებოდა, თუ რომელიმე გარიგება წარმატებულად დასრულდებოდა? რამდენად განსხვავებული იქნებოდა ნაპოლი? იქნებოდნენ იქ, სადაც ახლა არიან? მოგონებები გასულ ზაფხულს განახლდა, როდესაც აგენტმა ჟორჟე მენდეშმა „ნაპოლიში“ კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო გადასვლის საკითხი წამოაყენა. ეს ნეაპოლსა და მენდეშს შორის პირველი ურთიერთობა არ ყოფილა. ცოტა ხნით ადრე, პორტუგალიელი აგენტი „ნაპოლის“ ყოფილ მცველს, ფაუზი გულამს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში დაეხმარა. რონალდუს ტრანსფერის იდეას მხარი ლუჩანო სპალეტიმაც დაუჭირა და თქვა: „ძალიან მინდა ვნახო ისეთი ადამიანი, რომელიც რონალდუს დამატებაზე უარს იტყვის“.
ფილმი Sliding Doors-ი არ გამოსულა აურელიო დე ლაურენტისის სტუდია Filmauro-ს მიერ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა ისინი ერთ მატარებელში რომ ყოფილიყვნენ და არა იქ, სადაც ახლა არიან. სასაცილოა, როგორ აღმოჩნდებიან ხოლმე გუნდები ასეთ ვითარებაში. ეს არასდროს არის ზუსტი მეცნიერება. ზოგადად, დე ლაურენტისის პრეზიდენტობის დროს „ნაპოლის“ ყოველთვის ჰყავდა წარმატებული სპორტული დირექტორები. პიერ პაოლო მარინომ გუნდს აჩუქა ეზეკიელ ლავეცი და მარეკ ჰამშიკი. რიკარდო ბიგონი უზრუნველყო ედისონ კავანის თამაში, კრისტიანო ჯუნტოლიმ კლუბში კიმ მინ-ჯე, სტანისლავ ლობოტკა, ანდრე-ფრენკ ზამბო ანგისა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი მიიყვანა.
მთავარი შენიშვნა სწორედ დე ლაურენტისისგან მოდის. ყველას ახსოვს, როგორ გამოაჩინა ინლერი, რომელსაც ვეფხვის ნიღაბი ჰქონდა მორგებული. ბუნებრივია, მწვრთნელების როლიც დიდია. ბევრი მათ სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვერგერის მუშაობასაც ადარებს, რომლებიც თითქმის ყველაფერს აკეთებდნენ, მათ შორის ფეხბურთელების გაფორმების მხრივაც. რაფა ბენიტესმა „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდში თავისი მონაცემთა ბაზა მოიტანა და კლუბში კალიდუ კულიბალი და დრის მერტენსი მოიყვანა. ამას მადრიდის „რეალიდან“ გონსალო იგუაინისა და ხოსე კალეხონის ტრანსფერებიც მოჰყვა. ანჩელოტის მუშაობის დროს, მისმა შვილმა, დავიდე ანჩელოტიმ ფაბიან რუისი შეამჩნია, რომელიც მაშინ ბეტისისთვის უტევდა.
იტალიის ჩემპიონატიდან კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა სწორი საქმეების კეთებით. „უდინეზედან“ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანეს, როგორებიც არიან ალექს მერეტი, ალანი, ინლერი და პიოტრ ჟიელინსკი. ასევე გადმოიყვანეს ჯოვანი დი ლორენცო, მარიო რუი. ამ ფეხბურთელებთან მუშაობდა მოუწიათ ამბიციურ მწვრთნელებს: თავიდან მაურიციო სარის, შემდეგ კი ლუჩანო სპალეტის. ამ კლუბის მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით.
შედეგი გასაოცარია. ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი და 33 წლიანი ლოდინის შემდეგ, ნანატრი „სკუდეტო“. ამ გუნდის მშენებლობისას, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული „ბარსელონას“ სტილის ფეხბურთელების მოყვანა. ამ ისტორიის შემქმნელი სასტარტო თერთმეტეულის საერთო ღირებულება იმაზე ნაკლებია, ვიდრე ჩელსის მიერ, ბოლო ორ ფანჯარაზე დახარჯული ფული. თუმცა, იტალიურ სტანდარტებთან შედარებით, გუნდის მშენებლობა იაფიც დამჯდარა (260 მილიონი ევრო).
მაგალითად, სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, ალექს მერეტზე წინ მხოლოდ ალისონი, ჯიჯი ბუფონი და ფრანჩესკო ტოლდო დგანან. ის კლუბმა 26 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ პოზიციაზე, მსგავსი ფასის გადახდა საკმაოდ თვალწარმტაცია, თუმცა ამან შედეგი მხოლოდ მეხუთე სეზონში გამოიღო. ახლა ის „ნაპოლის“ პირველი მეკარეა, იტალიის ნაკრებში კი ჯიჯიო დონარუმას შემცვლელად ითვლება. 2019 წელს, დე ლაურენტისმა ჩაკი ლოზანო, 45 მილიონ ევროდ შეიძინა და იმ დროს, ეს კლუბისთვის სარეკორდო ფასი იყო. ამის გამო, კლუბის პრეზიდენტს კლუბის გულშემატკივრები მკაცრად აკრიტიკებდნენ. 2021 წელს კი მან ვიქტორ ოსიმენში 71 მილიონი ევრო გადაიხადა და ახალი რეკორდიც დაამყარა. ყველზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტრიოს გარკვეული დრო დასჭირდათ, რომ სწორი მწვრთნელის ხელში მოხვედრილიყვნენ და პოტენციალი მაქსიმალურად გამოევლინათ.
შესაძლოა, დე ლაურენტისს ოსიმენის ტრანსფერი ბევრიც შემოეხარჯა, იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში პანდემია იყო და კლუბი არც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. „ნაპოლიმ“ ნიგერიელის სანაცვლოდ „ლილის“ მესამე მეკარე, ორესტის კარნეზისი და უცნობი სახელების ფეხბურთელები, ლუიჯი ლიჯუორი, კლაუდიო მანცი, და ჩირო პალმიერი მისცა, საერთო ჯამში კი ამ ფეხბურთელებით 20 მილიონი ევრო გაქვითეს. ამ იტალიელებს „ლილის“ შემადგენლობაში არასდროს უთამაშიათ, ახლა კი ისინი იტალიის ჩემპიონატის დაბალ ლიგებში არიან. ალბათ, სწორედ ამის გამო დაინტერესდა ამით იტალიის პროკურატურა, თუმცა პროკურორებმა გამოძიების დასასრულებლად კიდევ 6 თვე ითხოვეს. ამის მიუხედავად, კლუბის იურისტები დარწმუნებულები აირან, რომ ოსიმენის ტრანსფერში არანაირი დანაშაული არ მიუძღვით.
ოსიმენი ახლა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფორვარდია, თუმცა მისი ღირებულება ჯერჯერობით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ორი სეზონის წინ, რომელუ ლუკაკუში „ჩელსის“ მიერ გადახდილი თანხა (118 მილიონი ევრო). ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დე ლაურენტისმა ბოლო პერიოდში დაკარგა, გონსალო იგუაინი იყო, იმიტომ რომ „იუვენტუსმა“ მისი გამოსასყიდი თანხა სრულად გადაიხადა, ახლა კი ასეთი საფრთხის წინაშე კიმი დგას, რომელსაც სპალეტი მსოფლიოს საუკეთესო მცველად მიიჩნევს. დე ლაურენტისი მაცდურ წინადადებებს ხშირად ნებდება. მაგალითად, კავანისა და ლავეცის პსჟ-ში ტრანსფერის შემთხვევაში, ასევე ჟორჟინიოს და „ჩელსის“ შემთხვევაშიც.
თუმცა, დე ლაურენტისმა ეს ფეხბურთელები მაინც დიდხანს შეინარჩუნა და უმეტეს შემთხვევაში, ის კონტრაქტში ჩადებული პუნქტების მიხედვით მოქმედებდა. კლუბი ყოველთვის დებდა ისეთ კონტრაქტებს, რომლის შედეგადაც გაყიდვის დროს ნაკლებ ზეწოლას განიცდიდა. ამავდროულად, ფეხბურთელებს მუდამ კმაყოფილს ტოვებდა და თითქმის ღმერთივით ექცეოდა. დე ლაურენტისი და ჯუნდოლი განსაკუთრებულ შექებას ამ სეზონისთვის იმსახურებენ. სეზონის დაწყებამდე მათ სახელფასო ხარჯები 16%-ით შეამცირეს. კლუბიდან წავიდნენ დავიდ ოსპინა, კალიდუ კულიბალი, ფაბიან რუისი, გუნდის კაპიტანი და „ნაპოლის“ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი.
გუნდი განახლდა და ამ სეზონში წარმატებას არავინ ელოდა. სანაცვლოდ კი ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნეს და სატიტულო რბოლაში ზედმეტი ემოციების გარეშე ჩაებნენ. კვარაცხელია ევროპის მასშტაბით, ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. საფეხბურთო ელიტამ ქართული ნიჭი არ შეიმჩნია, რადგან სკეპტიკურად განწყობილ სპორტულ დირექტორებს არ ახსოვდათ, როდის გამოუშვა ბოლოს საქართველომ ასეთი ნიჭის ფეხბურთელი ევროპაში, თუმცა ჯუნტოლის ოპტიმიზმისა და რისკის დამსახურებით, „ნაპოლი“ ასეთი შემტევით დაჯილდოვდა. გასულ წელს, ამ დროს კვარაცხელია ჯერ კიდევ რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, თუმცა „რუბინი“ ომის დაწყების შემდეგ, ფიფას მიერ მიცემული ნებართვის შემდეგ დატოვა.
გარემარბი, რომელსაც „რუბინი“ ერთ დროს 30 მილიონ ევროდ აფასებდა, ცოტა ხნით ბათუმში, „დინამოში“ დაბრუნდა, „ნაპოლიმ“ კი მის სანაცვლოდ ამ თანხის მესამედი, 10 მილიონი ევრო გადაიხადა. საინტერესოა, რომ როდესაც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა, „რუბინმა“ TikTok-გვერდზე ტურინული გუნდი დატროლა და ის პერიოდი გაახსენა, როდესაც კვარაცხელიას სანაცვლოდ, 20 მილიონი ევროს გადახდაზე თქვა უარი.
როგორც წესი, ასეთი ტრანსფერები სეზონის გარიგებად ითვლება. ხელფასის სახით, კვარაცხელია წელიწადში 1.2 მილიონ ევროს იღებს. კითხვაზე, იმსახურებს თუ არა მომაჯადოებელი ქართველი განახლებულ კონტრაქტს, დე ლაურენტისი პასუხობს: „ჩემს მოთმინებას ამოწმებთ? თავი ნუ მომაბეზრეთ! კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ 5 წელია დარჩენილი და არა ერთი...“ ამასობაში კი სპალეტი თავის ჯადოქრობას აგრძელებს. როდესაც ტოსკანელმა სპეციალისტმა 18 წლის წინ სამსახური მიიღო, მიზანი „ნაპოლის“ გარდაქმნა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო. ეს კი იმ მოთამაშეებით უნდა გაეკეთებინა, რომლებმაც ღირებულება დაკარგეს. მან იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასე იყო „რომაშიც“, ანტონიო რიუდიგერითა და მოჰამედ სალაჰით და ასევე „ინტერში“, მარსელო ბროზოვიჩით. ის მუდამ ხელმძღვანელობს მოთამაშეთა ტრანსფორმაციას და აწყობს გუნდს ისეთი მოთამაშეებისგან, როგორებიც არიან კიმი, კვარა და სტანისლავ ლობოტკა, რომელთა იმედი ცოტას თუ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ნაპოლი“ 74 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 16 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე სპალეტის გუნდი ისტორიაში პირველად 1/4 ფინალში იმყოფება, სადაც „მილანთან“ ორ შეხვედრას გამართავს.