მთავარი მსახიობის როლი - გრილიშის თვალსაჩინო ევოლუცია
ჯეკ გრილიშმა საბოლოოდ აითვისა პეპ გუარდიოლას სისტემა და მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე პროგრესი აქვს. როდესაც ინგლისელი გარემარბი „სიტიში“ გადადიოდა ყველა თვლიდა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა განსხვავებული ინდივიდი იპოვა.
მათ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ჯეკი გაამართლებდა, სიხარულის საბაბი მიეცათ. 27 წლის გარემარბის პირველი სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ის ყველა დიდ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. მაგრამ ახლა ის გუარდიოლას პროტეჟე გახდა. სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც მწვრთნელის მთლიანად ესმის.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გრილიშს კარგი სეზონი აქვს. „ლივერპულთან“ კი დიდებულად ითამაშა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მატჩის შემდეგ, პეპ გუარდიოლა აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
„მას სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა. ეს არის გრილიში, რომელსაც „ასტონ ვილას“ გულშემატკივრები კარგად იცნობენ.“
- განაცხადა პეპმა
ჯერ კიდევ „ლივერპულთან“ მატჩის წინ, ჯეკი ამტკიცებდა, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია. ნორვეგიელი თავდამსხმელის ტრავმის ფონზე, გრილიშმა მთავარი მსახიობის როლი მოირგო და „სიტის“ წინ გაუძღვა.
სიამაყით შესრულებული შავი სამუშაო
ერთ-ერთ ეპიზოდში, ინგლისელმა ფეხბურთელმა შავი სამუშაოც შეასრულა და დაცვაში ბრწყინვალედ იმოქმედა. ის მოჰამედ სალაჰს უდიდესი სისწრაფით გაიკეთა და ეგვიპტელს ჟოტას მიმართულებით პასის გაკეთების საშუალება არ მისცა. რომ არა ის, დიდი ალბათობით ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდებოდა.
„მინდორზე საუკეთესო იყო. ის დიდი თავდაჯერებულობით და ენთუზიაზმით თამაშობს.“
- თქვა ალან შირერმა BBC-სთან საუბრისას
გამოცოცხლება მუნდიალის შემდეგ
აშკარაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ „ათიანი“ სრულიად შეცვლილია. კატარში გამგზავრებამდე მან შესაძლო 14 მატჩიდან მონაწილეობა 8-ში მიიღო და ძირითად შემადგენლობაში 6-ჯერ მოგვევლინა.
ამ პერიოდის განმავლობაში გრილიშმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და არცერთი საგოლე გადაცემა. რიგ ეპიზოდებში თავდაჯერებული იყო, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც გუარდიოლა ითხოვდა.
მუნდიალიდან დაბრუნების შემდეგ კი აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯეკმა „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“ და „არსენალს“ გაუტანა. მან ასევე 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და მეტოქეების კარისკენ 23-ჯერ გაისროლა, საიდანაც 8 ზუსტი გამოდგა.
ადაპტაციის რთული პერიოდი
რა თქმა უნდა, როდესაც შენს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიან და ეს პრემიერ ლიგაში რეკორდული ტრანსფერია, მოლოდინი მაღალია. იანვარში 27 წლის შემტევმა აღიარა, რომ გუარდიოლას სისტემასთან ადაპტირება ადვილი არ არის.
„თავიდან ვფიქრობდი, რომ მივდიოდი გუნდში, სადაც უამრავ გოლს გავიტანდი და საგოლე პასებს შევასრულებდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბევრი გუნდი ჩვენს წინააღმდეგ დაცვაში დგას და „ასტონ ვილაში“ ასე არ ხდებოდა. ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა.“
გუარდიოლას ფავორიტი
აშკარაა, რომ ჯეკმა ესპანელი სპეციალისტისგან ბევრი რამ ისწავლა და ეს მის თამაშზე აშკარად აისახა.
„ეს ყველაფერი იმ სწავლის შედეგია, რაც მე აქ ყოფნისას მივიღე. ვგრძნობ, რომ გაცილებით უკეთესი ვარ. გუარდიოლა აშკარად ბედნიერია და ამას ვგრძნობ. ის ჩემთან მოვიდა და შემაქო. „მანჩესტერ სიტიში“ ყოფნით ბედნიერი ვარ.“
- განაცხადა გრილიშმა „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ
რამდენიმე დღეში, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „რეკორდმაისტერთან“ მატჩში ფლანგური შეტევები მნიშვნელოვანი იქნება და ჯეკ გრილიშის კარგ თამაშზე საკმაოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.