ლუკა გუგეშაშვილი, ყარაბაღი
Aa
Aa

პენალტი აიღო - გუგეშაშვილის ორი მაგარი რეაქცია

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში „ყარაბაღმა“ შინ „ქიაფაზი“ 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტოში ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გუნდი გოლისგან ორ ეპიზოდში იხსნა, განსაკუთრებით აღსანიშნავი პენალტის მომენტია.

მე-20 წუთზე ბრაზილიელი ჟუნინიოს შორეული დარტყმა მოიგერია. 27-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია, არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა და პენალტი დანიშნა. გუგეშაშვილმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა, აჰმედ ისაიას აუღო. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ამ ეპიზოდში „ყარაბაღის“ ფეხბურთელები შეცდნენ, ბელარუსი ეგორ ხვალკო უმეთვალყურეოდ დატოვეს, რომელმაც თავით გაიტანა.

2022 წლის ზამთრიდან გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ თამაშობს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. საერთო ჯამში აზერბაიჯანულ კლუბში 29 მატჩი ჩაატარა, მათ შორის 4 კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში „მარსელისა“ და „გენტის“ წინააღმდეგ. ამ სეზონის მეორე ნახევარში „ყარაბაღის“ სასტარტოში რეგულარულად ხვდება, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრებში დებიუტიც მოჰყვა მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში. მის მიმართ ინტერესს ხორვატული „რიეკა“ და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იჩენენ. შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა თურქეთში გააგრძელოს.

„ყარაბაღთან“ შეხვედრაში „ქიაფაზის“ სასტარტო 11-ეულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა გიორგი ქანთარიამ ითამაშა შეუცვლელად ითამაშა. 70-ე წუთზე თამაშში „ქიაფაზის“ შემტევი მათე კვირკვია ჩაერთო.

10-გუნდიან ჩემპიონატში „ყარაბაღი“ 77 ქულით პირველ ადგილზეა, „ქიაფაზი“ 25 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები