მამუკელაშვილის საოცარი მატჩი - ორმაგი დუბლი და გამარჯვება დალასთან
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 21 ქულის სხვაობით - 138:117 დაამარცხა.
სტუმრებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს სოლიდური უპირატესობა და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.
გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში დააყენა და ქართველმა კალათბურთელმაც ნდობა ორმაგი დუბლით და NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩით გაამართლა.
სანდრომ მოედანზე 31:27 წუთი გაატარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, შესაბამისად, მატჩის MVP-ის წოდებაც მას ერგო. ამ დროის განმავლობაში „მამუმ“ 23 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში), 4 ასისტი და 1 ბლოკი მოაგროვა.
სანდროს ყველა მომენტი:
ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 10-დან 4 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმოა. ამასთან მამუკელაშვილმა ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ არ დაჯარიმებულა.
სანდროზე კაი შედეგი მხოლოდ დალასის კალათბურთელმა, ტეო პინსომა აჩვენა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 13 მოხსნა, 12 ასისტი. ქულების რაოდენობით კი ჯეიდენ ჰარდი გამოირჩა - 25 ქულა.
მიმოხილვა:
„სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ს რეგულარული სეზონი 22 მოგებით და 60 მარცხით დაასრულა და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-15 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, სანდროსთვის და მისი თანაგუნდელებისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.