„არ მესმის, როგორ ვერ მოვიგეთ ეს თამაში“ - რა ითქვა მატჩის შემდეგ
ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, „ლივერპულმა“ გათამაშების ლიდერ „არსენალს“ უმასპინძლა და სანახაობრივ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა.
მერსისაიდელები პირველ ტაიმში 0:2 მარცხდებოდნენ, თუმცა სალაჰისა და ფირმინოს გოლებით წონასწორობის აღდგენა შეძლეს და გამარჯვებაც შეეძლოთ, თუმცა საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.
იურგენ კლოპი:
თამაში სრულიად ღია იყო. მეტოქემ პირველი ორი მომენტით კარგად ისარგებლა და დაწინაურდა, მაგრამ ჩვენი პასუხი სწორი იყო. სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, როგორ ვერ მოვახერხეთ ბოლოს გამარჯვება.
ახლა არც მიხარია და არც მწყინს, სადღაც შუაში ვარ. ფრეს ნორმალურ შედეგად ვიღებ. „არსენალი“ კარგი იყო, მაგრამ ვფიქრობ შეეძლო და აუცილებლად უნდა წაეგო ეს მატჩი. ეს ქულა მათთვის უფრო მისაღები იქნება.
რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ეს აბსოლუტურად ნაცნობი სიტუაციაა. ორი გოლი გავუშვით, მაგრამ მოვახერხეთ და შესვენებაზე ისე გავედით, რომ მატჩი დასრულებული არ იყო. შემდეგ კი ეს გიჟური თამაში ხელში ავიღეთ. აქედან გამომდინარე, ერთ ქულას მაინც არ ვიმსახურებდით. ბოლოს კონატეს თავი რომ დაერტყა, ამ თამაშს მოვიგებდით. ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
მიკელ არტეტა:
ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. თავიდან, თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა შემდეგ დაუდევრად ვითამაშეთ და უაზრო გოლი გავუშვით. ამან თამაშის ტემპის მომატება გამოიწვია. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ. ეს იყო ძალიან არასტაბილური და ქაოტური თამაში. „ლივერპულს“ სამი, ან ოთხი გოლის გატანა შეეძლო. შანსები ჩვენც გვქონდა, ალბათ ორი-სამი გოლის გატანის... ამიტომ ვფიქრობ, რომ შედეგი სამართლიანია.
ამ სეზონში, მსგავსი დომინირება ამ სტადიონზე ვინმე სხვა გუნდის მხრიდან არ მინახავს. მათ ენფილდზე ყველა ტოპ გუნდი დაამარცხეს. მადრიდის რეალთან პირველ 20 წუთში შეეძლოთ 4:0 წაეყვანათ თამაში. მოსალოდნელი იყო, რომ მომენტები ექნებოდათ, ჩვენ კი ამ მომენტებს კარგად გავუმკლავდით. ამაში მეკარემაც დიდი როლი ითამაშა.
სამი ქულის მოპოვება შეგვეძლო და ამისთვის, მეორე ტაიმში პირველი 15 წუთი ისე უნდა გვეთამაშა, როგორც პირველ ნახევარში. ამ შემთხვევაში, თამაში სულ სხვა სცენარით წარიმართებოდა. მომავალ შეხვედრებში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს, პირველ 30 წუთში.
შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 73 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „მანჩესტერ სიტის“, რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 6 ქულით უსწრებს. „ლივერპული“ კი 44 ქულით მე-8 ადგილზეა და ოთხეულამდე 12 ქულა აშორებს.